ჩილე

კაცი, რომელიც ჩილედან ჩვილობისას გაიტაცეს, დედას 42 წლის შემდეგ შეხვდა

Constanza Del Rio/Nos Buscamos via AP

ამერიკელი კაცი, ჯიმი ლიპერტ თაიდენი, რომელიც ჩილედან ჩვილობისას მოიტაცეს, დედას 42 წლის შემდეგ შეხვდა

თაიდენის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ნაშვილები იყო, თუმცა ეჭვები იმის შესახებ, რომ მოიტაცეს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2012 წელს მისმა აღმზრდელმა დედამ ავღანეთში გასამგზავრებლად შვილს საბუთები გადასცა, რომელთა შორისაც შვილად აყვანის დოკუმენტებიც იყო.

"სამი ან ოთხი განსხვავებული ისტორია იყო იმის შესახებ, თუ როგორ გამაშვილეს, თუმცა თითოეული მათგანი იმდენად განსხვავებული იყო, რომ არ შეიძლებოდა ყველა სიმართლე ყოფილიყო". - იხსენებს თაიდენი.

წლების განმავლობაში თაიდენს აინტერესებდა საკუთარი წარმომავლობა და სურდა მეტი სცოდნოდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან უნდა დაეწყო ეს პროცესი ან ვისთვის მიემართა ჩილეში.

თაიდენი ამბობს, რომ ის შვილად აყვანის შესახებ სიმართლის გარკვევის პროცესში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ჩაერთო, როცა მისმა მეუღლემ სკოტ ლიბერმანის საქმის შესახებ გაიგო, რომელიც ასევე ამერიკელი იყო და სან-ფრანცისკოში ჩილედან იშვილეს.

გენერალ ავგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს, 1973 წლიდან 1990 წლამდე ბევრი ბავშვი მიჰყავდათ გაშვილების სააგენტოში, მათ შორის იყვნენ როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ოჯახების შვილები.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩილელი ჩვილების მოპარვის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მღვდლები, მონაზვნები, ექიმები, ექთნები და სხვები შეთქმულების თანამონაწილენი იყვნენ, რომლის მთავარი მოტივიც ფინანსური სარგებელი იყო.

ჩილეს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოპარული ჩვილების რაოდენობა შეიძლება ათასობით იყოს, მაგრამ გამოძიება შვილად აყვანის სადაო შემთხვევებზე შეჩერებულია, რადგან ჩვილების მოპარვაში მონაწილეთა ნაწილი გარდაცვლილია, ხოლო ბევრი კლინიკა თუ საავადმყოფო, საიდანაც ჩვილებს სავარაუდოდ იპარავდნენ, აღარ არსებობს.

"მან არ იცოდა ჩემ შესახებ, რადგან მისგან დაბადებისთანავე წამიყვანეს - მოატყუეს, რომ გარდავიცვალე დაოდესაც ჩემი ცხედარი მოითხოვა, უთხრეს, რომ ცხედრის ნახვა შეუძლებელი იყო. ასე რომ, ჩვენ ჩახუტების შესაძლებლობაც კი არ გვქონია". - იხსენებს თაიდენი.

თაიდენი იმასაც ამბობს, რომ შეთქმულების მსხვერპლნი იყვნენ მისი აღმზრდელი მშობლებიც, რადგან ისინი მასში მონაწილეობას არასდროს მიიღებდნენ.

კომენტარები