რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: აშშ-მ უკრაინას შესაძლოა კასეტური ბომბებით აღჭურვილი შორი მანძილის რაკეტები გადასცეს

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა მალე დაადასტუროს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალით დატვირთული შორი მანძილის რაკეტების გადაცემა, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს კიევს, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეებს. ინფრომაციას გამოცემა ოთხ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე აშშ-ს მიერ აქამდე გადაცემული კასეტური ჭურვები უკრაინამ წარმატებით გამოიყენა, ვაშინგტონში ახლა ფიქრობენ ATACMS-ებისა და კასეტური მასალით აღჭურვილი 72 კმ. რადიუსის მქონე GMLRS-ების გადაცემას. როგორც გამოცემა წერს, აშშ-მ უკრაინას შესაძლოა ორივე სახის საბრძოლო მასალა გადასცეს. ამის შესახებ Reuters-თან სამმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად ისაუბრა.

თუ გეგმა დადასტურდება, შესაძლებელი იქნება საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩქარი გადატანა. 

ამჟამად უკრაინას 155-მმ-იანი კასეტური ჭურვები აქვს, რომელთა რადიუსი 29 კმ-ს აღწევს და მოიცავს 48 მცირე ზომის ბომბს. ATACMS-ების მეშვეობით შესაძლებელი იქნება საბრძოლო მასალის 300 ან მეტი მცირე ზომის ბომბით დატვირთვა. რაც შეეხება GMLRS-ის სისტემას, რომელიც უკრაინას უკვე რამდენიმე თვეა რაც გააჩნია, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება 404 მცირე ზომის კასეტური ბომბის გადატანა.

თეთრ სახლში Reuters-ის ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. 

წყაროებზე დაყრნობით, ATACMS-ისა და კასეტური GMLRS-ის გაგზავნის გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არაა და გეგმა შესაძლოა ჩაიშალოს. ბაიდენის ადმნისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა ATACMS-ის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ნაბიჯი ზედმეტ აგრესიად იქნებოდა მიჩნეული.

კიევმა ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდების ხაზების, საჰაერო ბაზებისა და სარკინიგზო ქსელების მოსაშლელად შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, ATACMS-ების მიწოდება არაერთხელ სთხოვა.

გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ ისაუბრეს და პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთში ამ ნაბიჯის ზედმეტად აგრესიულად აღქმის შიშით საკითხთან დაკავშირებით უკვე თვეებია ვერ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ამასთან, პენტაგონში სჯერათ, რომ ATACMS-ები არ არის ის რაც უკრაინის არმიას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება და შორ მანძილზე მოქმედი ამ რაკეტების გადაცემის აუცილებლობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ კიევისთვის Storm Shadow-სა და SCALP-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი პრობლემა არა ფრონტის ხაზის უკან 100-ობით კილომეტრში მდებარე ობიექტები, არამედ უშუალოდ ფრონტის ხაზზე განთავსებული ნაღმებია, რაც კონტრშეტევას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ATACMS-ის თითოეული რაკეტა 2 ტონას იწონის. მათი სიგრძე დაახლოებით 4 მეტრი, დიამეტრი კი დაახლოებით 60 სანტიმეტრია. ერთი რაკეტა $1.5 მილიონი ღირს. ATACMS-ების გადაცემის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აშშ-ს არმიაში მათი სიმცირეა. შეიარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია. იარაღს აწარმოებს კომპანია Lockheed Martin-ი, რომლის ქარხანამაც 2018 წლიდან დაახლოებით 4 000 ერთეული გამოუშვა. ახლა ყოველწლიურად 500 რაკეტა მზადდება და ყველა საზღვარგარეთ გასაყიდადაა გამიზნული.

კომენტარები