აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას

ABC News: სავარაუდოდ, აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

ABC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, უკრაინას ATACMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

როგორც გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, მსგავსი გეგმები ოფიციალურად გამოცხადებამდე ცვლილებას ექვემდებარება.

გარდა ამისა, მეორე ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რაკეტები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების დახმარების მომავალ პაკეტში იქნება გათვალისწინებული, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, ოფიციალური პირის თქმით, შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს, სანამ უკრაინა რაკეტებს მიიღებს.

ATACMS-ის რაკეტების დიაპაზონი შეიძლება აღემატებოდეს 300 კილომეტრს. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას ფრონტის ხაზიდან გაცილებით შორს განთავსებულ რუსულ ჯარებს, კერძოდ კიევს შეეძლება, ანექსირებულ ყირიმზე მიიტანოს იერიში. ამასთან, ATACMS-ს სამიზნეებზე იერიშის მიტანა, აშშ-ს მიერ აქამდე გაგზავნილ HIMARS-სა და M270-ის ტიპის სარაკეტო სისტემებთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ უფრო შორს შეუძლია.

მანამდე ვაშინგტონი უარს ამბობდა ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემაზე, ნაწილობრივ იმის შიშით, რომ ეს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა და ნაწილობრივ ასეთი სისტემების შეზღუდული მიწოდების გამო.

როგორც ABC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მარაგში აშშ-ს გაცილებით მეტი ATACMS-ი აქვს, ვიდრე აქამდე ეგონათ. თუმცა, ჯერჯერობით შეფასებული არ არის, რამდენად ვარგისია ისინი ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად. 

მანამდე, 2023 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღწევს. უკრაინამ ისინი უკვე გამოიყენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იერიშების მისატანად.

კომენტარები