მიწისძვრა მაროკოში

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

AFP / CNN

8 სექტემბრის ღამით, მაროკოში ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 12 სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 2 800-ზე მეტია. 

მიწისძვრამ დააზიანა მაროკოს კულტურული მემკვიდრეობა, დანგრეულია ისტორიულად მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის მეჩეთი. გარდა ამისა, დაზიანებულია ძველი ქალაქი მარაქეში, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. 

სოფელ მულაი ბრაჰიმის ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით, მათ საკუთარი შიშველი ხელებით მოუწიათ დაღუპულთა ნანგრევებიდან ამოყვანა. 

9 სექტემბერს მთავრობის განცხადებით, კატასტროფაზე მყისიერი რეაგირებისათვის შესაბამისი ზომები მიიღეს. მათ შორის კი სამძებრო-სამაშველო ჯგუფების გაძლიერების, წყლისა და საკვების მიწოდებისა, ასევე კარვებისა და საბნების განაწილების ჩათვლით. 

მსოფლიოს გარშემო, მაროკოს საერთაშორისო დახმარება მრავალმა ქვეყანამ შესთავაზა. კერძოდ, დაზარალებულ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა: ესპანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ისრაელმა, თურქეთმა, ომანმა, ქუვეითმა, ტაივანმა, ტუნისმა და ალჟირმა. 

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა თქვა, რომ ესპანეთის სამხედრო სამძებრო-სამაშველო განყოფილება 10 სექტემბერს 56 ოფიცრით მაროკოში ჩავიდა. საგანგებო სამხედრო განყოფილების ქვედანაყოფი იმუშავებს მარაქეშის სამხრეთით. 

აშშ-მა მაროკოში სიტუაციის შესაფასებლად, მათ შორის, ჰუმანიტარული საჭიროებების დასადგენად, გააგზავნა კატასტროფების ექსპერტთა მცირე ჯგუფი. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, გუნდი ადგილზე 10 სექტემბერს ჩავიდა. 

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კვირას განათავსებს სამძებრო-სამაშველო სპეციალისტს და ოთხ-კაციან სამედიცინო შეფასების ჯგუფს. 

მაროკოს დასახმარებლად მზადყოფნა საფრანგეთმაც გამოაცხადა. 

"მაროკოს ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რისი მიწოდება შეიძლება, ჩვენ მათ განკარგულებაში ვართ" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნიუ დელიში G20 სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.   

ალჟირმა, რომელმაც მაროკოსთან ურთიერთობა ორი წლის წინ გაწყვიტა, განაცხადა, რომ გახსნის თავის საჰაერო სივრცეს მაროკოში ჰუმანიტარული და სამედიცინო ფრენებისთვის. ალჟირის მთავრობა მზადაა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მაროკოელ ხალხს.  

თურქეთის AFAD-ის კატასტროფების მართვის ორგანომ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ AFAD-ის, თურქული წითელი ნახევარმთვარის და სხვა თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების 265 დამხმარე პირი მზადაა გაემგზავროს მიწისძვრის ეპიცენტრში, თუ მაროკო საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს. ასევე თურქეთი მზადაა დაზარალებულებს 1 000 კარავი გადასცეს.


შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ღამით მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრა მაროკოს ატლასის მთებში, საღამოს 11 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთით 72 კილომეტრში იყო.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

კომენტარები