ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიკელსონმა დაათვალიერა ინგლისურენოვანი ინტერაქციული გამოფენა - “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინამდეც გენოციდის მომწყობი ძალა იყო.
"ამ გამოფენის ორგანიზებას ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რათა გავიგოთ, რომ უკვე მრავალი წელია, რუსეთის სახით ჩვენს წინაშეა გენოციდის მომწყობი, ბარბაროსული ძალა. ძალიან სიმბოლურია ბუჩას ხოცვა-ჟლეტის დაკავშირება იმასთან, რაც ვნახეთ აფხაზეთში 1992-1993 წლებში. და ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს თავისუფალ სამყაროში დაავიწყდა ამის შესახებ, რომ უკრაინამდე წლებით ადრეც რუსეთი იყო გენოციდის მომწყობი ძალა." - თქვა მიკელსონმა.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაულებისთვის ჯერ არავინ დასჯილა და გამოფენა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო საზოგადოებას გაახსენდეს, რომ მათი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის.
"რასაც აქ ვხედავთ, გამოფენაზე ასე კარგად წარმოდგენილს, ამის ჩადენის გამო არავინ დასჯილა. და უმნიშვნელოვანესია, დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ იმუშაოს ერთობლივად, რათა გასამართლდეს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოში და ასევე უკრაინაში. ეს ჩვენი მოვალეობაა და ვფიქრობ, ეს გამოფენა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაგვახსენოს, რომ ჩვენი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის." - თქვა მიკელსონმა.
გამოფენა "დავიწყებული მსხვერპლი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებს.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა შეცდომით ჩათვალა, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს საფრთხეს თავისუფლებისთვის.
რუსეთის მიერ სამეზობლოში დაორგანიზებული სისხლიანი ომები შეუმჩნეველი დარჩა და ჩაითვალა შიდა, ეთნიკურ კონფლიქტებად.
2008 წელს საქართველოში შეჭრა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების ოკუპაციაც არ აღმოჩნდა საკმარისი საფრთხის ადეკვატურად შესაფასებლად.
2022 წელს უკრაინაზე თავდასხმამ გახადა ცხადი, რომ რუსეთი არის სასტიკი, რევიზიონისტული ძალა, რომელიც გენოციდსა და ომის დანაშაულებებს იყენებს მიზნის მისაღწევად.
რუსეთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იქცევა მსგავსად - რაც ხდება დღეს უკრაინაში, უკვე მოხდა 30 წლის წინ საქართველოში.
ინტერაქციული გამოფენა “დავიწყებული მსხვერპლი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ასახავს ტრაგიკულ ისტორიებს რუსეთის დანაშაულებებზე აფხაზეთში.
გამოფენა მიზნად ისახავს: მისცეს პლატფორმა მათ, ვისი ხმაც ჩაახშეს ცივი ომის დამთავრებით გამოწვეული ეიფორიის პროცესში, აღიაროს მათი ტრავმა, აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა და გაავრცელოს ცოდნა კრემლის ჭეშმარიტ ბუნებაზე, რომელიც ვლადიმირ პუტინის მმართველობამდეც უცვლელი იყო, და მიაღწიოს ამ დანაშაულების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას" - აცხადებს თავისუფალი ინსტიტუტი.