სტიქია გურიაში

ბორელმა გურიაში სტიქიის შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გურიაში სტიქიის შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

"მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი - გურიაში დაიღუპა ბავშვი მეწყერის გამო და ეს ძალიან მტკივნეულია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი კიდევ იძებნება, იმედია, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას" - თქვა ბორელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

ამ დროისთვის გურიაში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. დაკარგულია კიდევ 2 პირი.

"გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები." - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ სტიქიის შედეგად დაიმარხა სახლში, სადაც ბავშვი იყო.

კომენტარები