ტერორისტული თავდასხმა მალიში

მალიში ტერორისტულ თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 49 სამოქალაქო პირი

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმებს, სულ მცირე, 49 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას მალის დროებითი ხელისუფლება ავრცელებს.

პარალელურად, ისლამისტები თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას, შედეგად კი დაიღუპა 15 ჯარისკაცი და 50-მდე ისლამისტი მებრძოლი.

მალის არმიის ცნობით, ტერორისტების სამიზნე ნავი გახდა, რომლითაც ადამიანები მდინარე ნიგერის გავლით, ქალაქი გაოდან მოპტის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მდინარე ნიგერი მალიში მნიშვნელოვან სატრანსპორტო საშუალებად ითვლება, რადგან რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ხარისხიანი გზაა დაგებული, რკინიგზა კი გაყვანილი არ არის.

მალის დროებითმა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

მალის სამხედრო ხუნტა 2020 წლიდან მართავს. როგორც BBC აღნიშნავს, ხელისუფლების მიტაცების დროს სამხედრო ხუნტას მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მოქალაქეები უკმაყოფილო იყვნენ იმჟამინდელი პრეზიდენტის, იბრაჰიმ ბუბუქარ კეიტას მმართველობით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, საკამათო არჩევნებითა და ქრონიკული დაუცველობის გრძნობით.

ხელისუფლების მიტაცების შემდეგ კი სამხედრო ხუნტამ ისლამისტი მებრძოლების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნების მხრივ ძალიან მცირე პროგრესი განიცადა. ხუნტამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა ფრანგს სამხედროებსა და გაეროს სამშვიდობოებს და მათ ნაცვლად რუსი კონტრაქტორები მოიწვია, მათ შორის ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ალ-ქაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ისლამისტმა მებრძოლებმა ფესვები 2012 წლიდან გაიდგეს. ამის შემდეგ ტერორისტებმა გავლენა საჰელის რეგიონშიც გააფართოვეს, განსაკუთრებით ბურკინა ფასოს და ნიგერის ტერიტორიაზე.

კომენტარები