რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისაგან ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან, შეხვედრისას, პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"პირველად, ჩვენ უკრაინას გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად [...] მათ ვინც პუტინს აგრესიული ომის წარმოების საშუალება მისცა, შესაბამისად უნდა გადაიხადონ საფასური" - ამბობს ბლინკენი. 

ჯამში $5.4 მილიონი მიმართული იქნება ვეტერანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისათვის. თანხები გაიგზავნება უკრაინაში, როგორც ბლინკენის მიერ გამოცხადებული ახალი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომლის ღირებულება $1 მილიარდზე მეტია.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარება მოიცავს   საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტებს, HIMARS-ის ტიპის რაკეტებს, მცირე იარაღის საბრძოლო მასალებს, ჭურვებსა და სხვა საკომუნიკაციო სისტემებს, რომელთა ჯამური ღირებულება 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ყოფნისას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.


სამშაბათს, 6 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. 

ბოლოს ბლინკენი უკრაინას ერთი წლის წინ ეწვია. 2022 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შესახებ სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს.

კომენტარები