არჩევნები 2024

"არ ვაპირებთ ოპოზიციურ ჩხუბში მონაწილეობას" - ხოშტარია გაერთიანებაზე

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია გირჩი-მეტი თავისუფლებასთან გაერთიანების შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ისინი ოპოზიციურ ჩხუბსა და მტკიცებებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

"ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმაში, რომ რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ. 

კატეგორიულად არ ვაპირებთ ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქართული ოცნების რუსული რეჟიმის დამარცხება. კამათი, შეჯიბრი, შინაარსზე კამათი - რა თქმა უნდა. ჩხუბი და შენი თავის გამოკვეთა სხვის ხარჯზე - ამას ჩვენ არ ვაპირებთ. არც გახარიასთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც სხვასთან. " - ამბობს ხოშტარია.

ამასთან, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან საერთო გეგმის მოფიქრებაზე საუბრისას მხოლოდ დაცინვასა და ლანძღვას იღებდნენ.

"შარშან აპრილიდან მოყოლებული დავდივართ ჩვენ და ველაპარაკებით სხვა პარტიებს, რომ საჭირო არის ძალების კონსოლიდაცია, მათ შორის მოსაფიქრებელია ფორმულა, რომელიც იქნება ყველაზე მომგებიანი და პასუხად მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ან დაცინვას, ან დასწრებაზე თამაშს ან საერთოდ ლანძღვას. 

არავისთან ჩვენ პროაქტიულად რაიმე კონსულტაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ. თუ ვინმეს საუბრის სურვილი ექნება, საუბარი პრობლემა არ არის არავისთან. ამ წუთში თავში არ გვაქვს არავინ, რომ ვინმესთან ლაპარაკს ვაპირებდეთ." - ამბობს ჯაფარიძე.

დღეს, 6 სექტემბერს დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი".

კომენტარები