ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდამსხმელები ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულ პირს 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ამასთან, თავდამსხმელებს ბრალდება 126-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ჩოხატაურში 3 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი საინფორმაციო კამპანიის დროს მოხდა. პარტიის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ.
როგორც ოპოზიცია ამბობს, თავდასხმაში ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.
- "დღეს გურია ივანიშვილისა და ჩიგოგიძის ოლიგარქიული ინტერესების მსხვერპლია" – ენმ
- ჩიგოგიძე ჩოხატაურის ინციდენტზე: შემთხვევით მოხდა, მე რა შუაში ვარ?
"ჩამოვედით ჩოხატაურში იმისთვის, რომ ჩიგოგიძის დავალებით ნოდარ დუმბაძის სკვერი იყიდება და გვინდოდა, საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა მოსახლეობისთვის. ჩიგოგიძემ დაგვახვედრა საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და არ მოგცეს საშუალება, რომ საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა. ეს არის ქართული ოცნების სახე და მათი მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა, თუ რაღაც არ მოსწონთ, მაინც გააკეთებენ." - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.