კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

ОДКБ: დასავლეთ საზღვრებთან NATO-ს ძალების გაზრდა ჩვენს უსაფრთხოებაზე ცუდად მოქმედებს

ОДКБ-ს წვრთნები

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის თქმით, ორგანიზაციის დასავლეთ საზღვრებთან, აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს ძალების ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს, არამედ მთელ ОДКБ-ს. ამის შესახებ მან ОДКБ-ს კოლექტიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ისაუბრა. 

"ОДКБ-ს პასუხისმგებელობის ქვეშ მყოფ ზონის დასავლეთ საზღვრებთან მიმდინარეობს NATO-ს სამხედრო ჯგუფების მნიშვნელოვანი ზრდა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდებარე ტერიტორიებზე, იზრდება სამხედრო აქტიურობა, ფაქტობრივად მიმდინარეობს მთელი რეგიონის მილიტარიზაცია. ეს ქმნის საფრთხეს არა მხოლოდ ბელარუსისა და რუსეთისთვის, არამედ უარყოფითი გავლენა აქვს მთელ ჩვენს ორგაბიზაციაში, მთელ ОДКБ-ში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", – თქვა სტანისლავ ზასმა. 

ზასის თქმით, ყაზახეთში იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, შეიქმნა კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი.

"ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყურადღებით ვიკვლეთ ამ პირველ გამოცდილებას, პრაქტიკულად, მთელ ჩვენს ქმედებებს. პირველ რიგში გამოვცდით კრიზისული რეაგირების სისტემას. უნდა შეგვეძლოს სწრაფად და ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი ნებისმიერ პირობებსა და ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაში მყოფ ნებისმიერ წერტილში", – თქვა ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა. 

ამავე კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პაპკინმა თქვა, რომ ОДКБ ამყარებს კავშირს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თუმცა ეს არ გამოდის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და NATO მათ თანასწორად არ აღიქვამს. 

"[ОДКБ] პოზიციონირდა საგარეო არენაზე. ორგანიზაციამ დაამყარა კავშირი სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან – გაერო-სთან და სხვებთან, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების სფეროში. [კავშირის დამყარება] NATO-სთან არ გამოდის. უცნაურია, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის NATO, არ ცნობს ОДКБ-ს არათუ თანასწორად, არც უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ და თვლის, რომ ОДКБ არის რუსული ორგანიზაცია, რომელშიც სხვები უბრალოდ არსებობენ", – თქვა პაპკინმა.

რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-სთან ОДКБ-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიკაელ აგასანდიანმა თქვა, რომ ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან განიხილავს გაერო-ს სამშვიდობო მისიებში ჩართვას.

ОДКБ-მ 2022 წლის იანვარში ყაზახეთის საპროტესტო აქციებისა და ქალაქ ალმათიში მომხდარი არეულობების დროს მოქმედების პირველი გამოცდილება მიიღო. რუსეთის ეგიდით მყოფმა სამხედროებმა ყაზახეთი 19 იანვარს დატოვეს, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დარეგულირდა.

ყაზახეთის მოვლენების შემდეგ გამოითქვა შიში, რომ ОДКБ შესაძლოა რუსეთისთვის იქცეს იგივედ, რაც საბჭოთა კავშირისთვის ვარშავის პაქტი იყო.

"ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა", – წერდა რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ОДКБ ყაზახეთში ძალებს გაგზავნიდა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

NATO-მ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის ფონზე გადაწყვიტა.

კომენტარები