სერგეი სუროვიკინი

NYT: გენერალი სუროვიკინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი ცოლი
t.me/bloodysx

The New York Times-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ დაკავებული გენერალი სერგეი სუროვიკინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობით, სუროვიკინი ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ამასთან, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობიდან მოხსნის მიუხედავად, გენერალი ამ დრომდე ტექნიკურად სამხედრო ოფიცერია, თუმცა, თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური წყაროს თქმით, მას კარიერული თვალსაზრისით პერსპექტივები აღარ აქვს.

4 სექტემბერს რუსმა ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა გენერალ სუროვიკინის ფოტოც, სადაც ის სამოქალაქო ტანსაცმელშია გამოწყობილი და თავის ცოლთან ერთად გადაადგილდება.

"გენერალი სუროვიკინი თავისუფალია: ცოცხალი, ჯანმრთელი, სახლში თავის ოჯახთან ერთად მოსკოვში". - წერია სობჩაკთან ასოცირებულ ტელეგრამ-არხზე.

სუროვიკინის გათავისუფლების შესახებ ტელეგრამზე დაწერა 2022 წელს კრემლის მიერ დახურული მედიის, Эхо Москвы-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, წამყვანმა და თანამფლობელმა, ალექსეი ვენედიქტოვმაც.

"ის შვებულებაშია და თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იმყოფება". - დაწერა ვენედიქტოვმა.

სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალებს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე კი უკრაინაში რუსული ჯარების დაჯგუფებას მეთაურობდა.

13 ივლისს The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავა.

გამოცემის ცნობით, სირიაში წარმოებული დაბომბვის კამპანიების გამო გენერალ არმაგედონად ცნობილი სუროვიკინი მოსკოვში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა უშუალოდ დაკავების ცენტრში არ ამყოფებდნენ და გამომძიებლები ამბოხში მისი როლის გასარკვევად განმეორებით დაკითხვებს უწყობდნენ. გენერლისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა უშუალოდ ამბოხში ჩართული არ ყოფილა და სავარაუდოდ მას შემდეგ გაათავისუფლებდნენ, რაც პუტინი ამბოხის შედეგების გამკლავების გზებს იპოვიდა.

კომენტარები