ევგენი პრიგოჟინი

როსავიაციის ცნობით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინიც იმყოფებოდა

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

როსავიაციის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.

"დაწყებულია გამოძიება Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე, რაც დღეს საღამოს ტვერის ოლქში მოხდა. მგზავრთა სიის მიხედვით, მათ შორის იყო სახელი და გვარი ევგენი პრიგოჟინი". – აცხადებენ როსავიაციაში.

რუსეთის გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა.

ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. 

როგორც ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე წერენ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა კსკ ვაგნერის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინიც.

პარალელურად, FlightRadar24-ის მონაცემებით, პრიგოჟინის კუთვნილი მეორე თვითმფრინავი მოვლენების პარალელურად მოსკოვის თავზე წრეზე დაფრინავდა. რეისი მოსკოვში დაჯდა.

ივნისში პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა და ქალაქი დონის როსტოვი ერთი დღით დაიკავა. მისი ვაგნერის ჯგუფის კოლონა მოსკოვის მიმართულებითაც მიდიოდა, თუმცა შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მოილაპარაკა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

შეთანხმების შესაბამისად, ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსში გადავიდა, სადაც ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიდნენ.

გასულ დღეებში, 21 აგვისტოს ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ გაავრცელა პირველი ვიდეომიმართვა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ის აფრიკაშია და ადგილობრივთა ბედნიერებისთვის იბრძოდა.

კომენტარები