ბირთვული ენერგია

ბირთვული ენერგიის ხანა გერმანიაში დასრულდა – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბირთვული ენერგიის კვლავ გამოყენებას არ აპირებს.

საკუთარი სამთავრობო კოალიციის წევრების წინადადების პასუხად, რომ ქვეყანამ დახურული რეაქტორების თავიდან გახსნა არ უნდა გამორიცხოს, შოლცმა თქვა, რომ გერმანიაში "ბირთვული ენერგია დასრულდა".

"ფაქტია, რომ ატომური ენერგიის გამოყენების დასრულებასთან ერთად, დაიწყო დემონტაჟიც დახურულ ელექტროსადგურებზე, ატომური ენერგიის გამოყენების განახლებაზე ნებისმიერი საუბარი გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების აშენებას." - თქვა შოლცმა გერმანულ რადიოსადგურთან საუბრისას.

ამასთან, შოლცის თქმით, მათ, ვისაც, ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენება მოუნდებათ, ამისთვის 15 წელი და 15-20 მილიარდი ევროს დახარჯვა მოუწევთ.

პარალელურად, კოალიციის ერთ-ერთი პარტიის წევრები მთავრობას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ იმ ატომური ელექტროსადგურების დემონტაჟი, რომლებიც გამოსაყენებლად ჯერ კიდევ ვარგისია.

გერმანიამ ბოლო სამი ბირთვული რეაქტორი აპრილში დახურა. გადაწყვეტილება მთავრობამ 2011 წლის ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის გავლენით მიიღო. კრიტიკოსების აზრით, ელექტროსადგურების დახურვა მეტი წიაღისეული საწვავის დაწვას გამოიწვევს.

აღსანიშნია, რომ ბერლინი ევროკავშირის წევრებს შორის უპირველესია, რომელიც ქვეყნებს ბირთვული ენერგიის დასრულებისკენ მოუწოდებს.

აპრილში POLITICO-სთან საუბრისას საფრანგეთის ბირთვული ენერგეტიკის ხელმძღვანელმა, ჟოელ ბარემ ბერლინის პოლიტიკა გააკრიტიკა. 

"მე არ მესმის გერმანიის პოზიცია, რადგან საერთოდ არ მჯერა, რომ საუკუნის შუა რიცხვებამდე ისინი შეძლებენ განახორციელონ ნულოვანი ნახშირბადის სტრატეგია მხოლოდ განახლებადი წყაროებით." - თქვა მან.

კომენტარები