ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს მშვიდობის დარგში House Of One-ის პრიზი გადაეცა

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი
House of One

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, მალხაზ სონღულაშვილს მშვიდობის დარგში House Of One-ის პრიზი გადაეცა. ის ამ პრემიის პირველი მფლობელია.

"ჩვენ პატივს მივაგებთ ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს ტოლერანტობისა და დიალოგის დაუღალავი, გაბედული ერთგულებისთვის... ის ხშირად იკავებს არაპოპულარულ პოზიციებს ქალთა და ჩაგრული უმცირესობების თანასწორობისთვის... ის მხარს უჭერს LGBTQ+ საზოგადოებას ქვეყანაში, სადაც ამ მხარდაჭერამ შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას". - თქვა გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქრისტიან ვულფმა ბერლინის სამრევლო ტაძარში გამართული ცერემონიის დროს.

პრიზის მიღების შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა მალხაზ სონღულაშვილმაც.

"კარგად ვიცი, რას ნიშნავს კონტინენტზე მიმდინარე ომის ჩრდილში მშვიდობის პრიზის მიღება. ასევე, ეჭვი შემაქვს, მაქვს თუ არა ამ პრიზის მიღების უფლება მაშინ, როდესაც უკრაინაში ძმათამკვლელი, უაზრო ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით". - თქვა ეპისკოპოსმა.

დაჯილდოებას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩოც და ეპისკოპოსს პრიზის მიღება მიულოცა.

"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ახლადშექმნილი House Of One-ის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელი გახდა. ამით დაფასდა მისი მოღვაწეობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. პრემია გადაეცემა იმ ადამიანებს, ჯგუფებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობის ადამიანების ურთიერთგაგებას. ვულოცავთ ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს ამ ჯილდოს მიღებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ აღიარებასა და წარმატებას მის საქმიანობაში". - წერია საელჩოს Facebook-გვერდზე.

კომენტარები