რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ აეროდრომზე 27 აგვისტოს მიტანილ იერიშზე ცნობას რუსული მოხალისეთა კორპუსიც ავრცელებს

რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრები და მათი მეთაური, დენის კაპუსტინი.
armyinform.com.ua

უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსში (РДК) ამბობენ, რომ მათ 27 აგვისტოს კურსკის ოლქში რუსულ აეროდრომზე იერიში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან (СБУ) თანამშრომლობით მიიტანეს. ამის შესახებ საუბარია ჯგუფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"რუსული მოხალისეთა კორპუსი მოხარულია გაცნობოთ მორიგ, მაქსიმალურად წარმატებულ თავდასხმაზე კურსკის ოლქში, რომელიც СБУ-ს სამხედრო კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაბრკოლების გარეშე კვლავ გავიარეთ გარღვეული საზღვარი, 27 აგვისტოს ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით სამხედრო ობიექტს: აეროდრომს, სადაც პუტინის სვავები იყვნენ. განადგურებულია ყველა სამიზნე. ხაზს ვუსვამთ: კანონიერი სამიზნეები, რომლებსაც მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისთვის მწუხარება და სიკვდილი მოჰქონდა. განადგურებულია ჰსთ-ს ნაწილებიც, რომლებიც ჯალათების თვითმფრინავებს იცავდა". – წერია РДК-ს განცხადებაში.

როგორც РДК ირწმუნება, სახლი, რომელიც ბრიანსკში 27 აგვისტოს დაზიანდა, სწორედ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა და არა დრონმა. მათი თქმით, ბრიანსკში მომხდარ თავდასხმაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სწორედ ამიტომ არ გაუკეთებია.

"ხმამაღალი ნათქვამია "იცავდა". ის კურსკში მხოლოდ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. აი, ასეთ საცოდავ დღემდეა დასული ქვეყნის თავდაცვა, თავად მოქალაქეებისთვის სახიფათო! კურსკის გუბერნატორი იტყიება, რომ მრავალსართულიან სახლს ჩვენი დრონი შეეჯახა და ხელს უშლის [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს, რომელიც დაზიანებულ შენობაზე საერთოდ გაჩუმებას და თავისი სირცხვილის დაფარვას ცდილობდა". – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ დღეებში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ანონიმურმა წყარომ РБК-Украина-სთან თქვა, რომ მათი ორგანოს კონტრდაზვერვის ძალებმა 27 აგვისტოს დადგომის ღამეს, რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს. 

როგორც წყარო იუწყებოდა, კამიკაძე დრონების მეშვეობით დააზიანეს Су-30-ის ტიპის 4 თვითმფრინავი და 1 МиГ-29. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, განადგურებულ სამიზნეებს შორის არის С-300-ის ჰსთ სისტემის რადარები და 2 პანცირის ტიპის ჰსთ. როგორც უსაფრთხოების სამსახურის წყარო ამბობდა, მიზანს СБУ-ს თითქმის ყველა დრონმა მიაღწია და წინასწარი ინფორმაციით რუსულმა ჰსთ-მ მხოლოდ 3 მათგანი ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსგავსი თავდასხმის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია. 27 აგვისტოს დილას კურსკის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი წერდა მხოლოდ დრონის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების ერთ შემთხვევაზე. ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ეს სახლი 2 სამხედრო ობიექტისგან: რადიოელექტრონული ბრძოლის 16-ე ცალკეული ბრიგადისა და სამხედრო ნაწილი N12830-ის 3754-ე ცენტრალური საავიაციო-ტექნოლოგიური ბაზებისგან 300 მეტრში მდებარეობდა.

ჯერჯერობით არ არსებობს სხვა წყარო, რომლის საშუალებითაც ნახსენები ცნობის გადამოწმება შეიძლება.

"ჩვენ გვყავს შინაგანი ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია უპილოტო საფრენი აპარატებით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. რამდენად შორს მივფრინავთ, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია". – ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსული მოხალისეთა კორპუსის შტაბის მეთაურთან.

კომენტარები