რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოების წყაროები მედიასთან რუსეთის აეროდრომზე მიტანილ იერიშზე საუბრობენ

უკრაინის უსაფრთხოების ძალები 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ანონიმურმა წყარომ РБК-Украина-სთან თქვა, რომ მათი ორგანოს კონტრდაზვერვის ძალებმა გასულ ღამეს რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს.

როგორც წყარო იუწყება, კამიკაძე დრონების მეშვეობით დააზიანეს Су-30-ის ტიპის 4 თვითმფრინავი და 1 МиГ-29. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, განადგურებულ სამიზნეებს შორის არის С-300-ის ჰსთ სისტემის რადარები და 2 პანცირის ტიპის ჰსთ.

როგორც უსაფრთხოების სამსახურის წყარო ამბობს, მიზანს СБУ-ს თითქმის ყველა დრონმა მიაღწია და წინასწარი ინფორმაციით რუსულმა ჰსთ-მ მხოლოდ 3 მათგანი ჩამოაგდო.

СБУ-ს წყაროს თქმით, რუსებმა 13 აფეთქება დააფიქსირეს და ოპერაცია წარმატებულად შესრულდა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგები მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ "ახლო მომავალში" გახდება ცნობილი.

რუსეთს მსგავსი თავდასხმის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია. 27 აგვისტოს დილას კურსკის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი წერდა მხოლოდ დრონის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების ერთ შემთხვევაზე. ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ეს სახლი 2 სამხედრო ობიექტისგან: რადიოელექტრონული ბრძოლის 16-ე ცალკეული ბრიგადისა და სამხედრო ნაწილი N12830-ის 3754-ე ცენტრალური საავიაციო-ტექნოლოგიური ბაზებისგან 300 მეტრში მდებარეობდა.

კურსკის ოლქში დრონებით განხორციელებულ მასობრივ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსულ-ტელეგრამ არხებზე არანაირი ცნობა გავრცელებულა და ინფორმაცია არც სხვა წყაროებს გაუჟღერებიათ. თავდასხმის ვიდეო-მტკიცებულება არც РБК-Украина-ს მიერ ცნობის გავრცელების შემდეგ გამოჩენილა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ იგივე ცნობა მიაწოდა BBC-ის უკრაინულ სამსახურსა და უკრაინულ მედია Цензор.НЕТ-საც.

კომენტარები