კანადა

კანადაში გზატკეცილზე ტრაილერიდან ჩამოცვენილი ყუთებიდან 5 მილიონი ფუტკარი ამოფრინდა

ტორონტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეფუტკრეები ფუტკრებს სკებში აბრუნებენ
 Canadian Press/Shutterstock

კანადელი პოლიციელების ინფორმაციით, 30 აგვისტოს დილის 6:15-ზე მიიღეს შეტყობინება, რომ ონტარიოში გზატკეცილზე მიმავალი სატვირთო მანქანიდან ფუტკრის სკებით დატვირთული ყუთები ჩამოცვივდა და მათგან 5 მილიონი ფუტკარი ამოფრინდა.

"ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ ან რა მოხდა, მაგრამ რაღაც მომენტში ყუთები, რომლებშიც ფუტკრები ან სკები იყო, ჩამოცურდა ტრაილერიდან და მთელ გზაზე გაიშალა... გზაზე შესაფუთი ყუთები ეყარა და ფუტკრების გუნდები დაფრინავდნენ. მათ მეფუტკრე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, როგორც ჩანს, რამდენჯერმე დაკბინეს". - უთხრა CBC News-ს ადგილზე მისულმა პოლიციელმა, რაიან ანდერსონმა.

ანდერსონი ამბობს, რომ დაახლოებით ერთ საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოციალურ მედიაში ინფორმაცია გაავრცელა, დახმარების სურვილი რამდენიმე ადგილობრივმა მეფუტკრემ გამოთქვა და შემთხვევის ადგილზე ფუტკრების დასაჭერად მივიდა. 

პოლიციის თქმით, დაახლოებით სამ საათში 5 მილიონი ფუტკრის უმეტესი ნაწილი ყუთებში დააბრუნეს, გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე სკა დატოვეს, რათა ჯერ კიდევ გარეთ მყოფი ფუტკრები დამოუკიდებლად დაუბრუნდნენ მათ.

ადგილობრივი პოლიცია გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უცნობია, რა მიზნით გადაჰყავდათ ამ რაოდენობის ფუტკარი, თუმცა პოლიციაში ფიქრობენ, რომ ისინი ეკუთვნოდნენ დამტვერვის სამსახურს, რომლისგანაც ფერმერები მოსავლის დამტვერვისთვის ფუტკრებს ხშირად ქირაობენ. 

კომენტარები