ხაშური

ხაშურის სტადიონზე გათამაშებისთვის ჩატანილი სპორტული ინვენტარი მშობლებმა მოიპარეს – Jassport

iprice

ხაშურში, სტადიონ ივერიაზე სპორტული მაღაზია Jassport-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც სპორტული ინვენტარი უნდა გათამაშებულიყო, ჩაიშალა. ინფორმაციას მაღაზიის წარმომადგენლები და ღონისძიებაზე მიწვეული იუთუბერი, ომარ ჩიტიშვილი Youtube-არხის საშუალებით ავრცელებენ.

მათი მონაყოლის თანახმად, თბილისიდან ბავშვებისთვის გათამაშებისთვის ჩატანილი ნივთები, მათ შორის ათეულობით ბურთი, საფეხბურთო ფეხსაცმელი და ხვიჩა კვარაცხელიას ორიგინალი მაისურები სტადიონზე შეკრებილმა ადამიანებმა, უმეტესად ბავშვების მშობლებმა მოიპარეს.

მაღაზიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისინი ფედერაციას ან მსხვილ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და მათი მცირე აქტივობა მიზნად ქართული სპორტის პოპულარიზაციასა და ბავშვების გახარებას ისახავდა.

"რისი საშუალებაც გვქონდა მაღაზიას, ის გავაკეთეთ. ჩვენ ხომ ბიზნესმენები არა ვართ, გვაქვს უბრალოდ მაღაზია და რაც შეგვეძლო ის წავიღეთ, რომ ბავშვები გაგვეხარებინა. თავიდანვე ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა... ამდენი ბავშვი მოიყვანეთ და მარტო 30 საჩუქარი მოიტანეთ, ეს ხომ ყველას არ ეყოფაო... ზოგიერთმა მშობელმა მოგვაძახა, სამარცხვინოები ხართ და ბავშვებს გული გაუტეხეთო. ისეთი დამშეულები იყვნენ, გადაგვიარეს". - ჰყვებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სტადიონის ადმინისტრაციას იდეა წინასწარ გაუზიარეს, მათგან მოწვევა მიიღეს, თუმცა ადგილზე ჩასულებს აგრესიული დამოკიდებულებით შეხვდნენ და თავყრილობის გამო სტადიონის "დატკეპნასა და გაფუჭებასაც" აბრალებდნენ.

"უფროსობას მოსწონდათ კიდეც, ასეთი რაღაცა რომ მოხდა, თვითონაც იპარავდნენ. კოკა-კოლები მოიპარეს და წავიდნენ". - აღნიშნავს ომარ ჩიტიშვილი.

Jassport-ის წარმომადგენლები მიმართავენ ადამიანების იმ ნაწილსაც, რომლებიც "ქაოსში" სრულიად შემთხვევით მოხვდნენ და არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ.

"დიდი ბოდიში გვინდა მოვუხადოთ ბიჭებს, რომლებიც მართლა ჩვენ სანახავად მოვიდნენ და დაიჩაგრნენ. შეკრებილებიდან 30% იყო ადეკვატური, 70% კი ასე ცხოველურად მოიქცა". - ამბობენ ისინი.

Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მაღაზიის წარმომადგენლებმა, მაყურებელს პირადი ვიდეოკამერითა და ტელეფონით გადაღებული ვიდეოების მცირე მონაკვეთები აჩვენეს. მათივე თქმით, მონაყოლის დასადასტურებლად, ხაშურში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას მედია პლატფორმებზე მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

კომენტარები