ლუის რუბიალესი

ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე ლუის რუბიალესი ჯენი ერმოსოს კოცნის, 2023 წლის 20 აგვისტო

ესპანეთის პროკურატურამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

"ჩვენ დავუკავშირდით ჯენიფერ ერმოსოს და შევატყობინეთ, რომ როგორც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, უფლება აქვს, 15 დღის განმავლობაში ჩვენება მოგვცეს". – განაცხადეს პროკურატურაში.


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში აკოცა.

FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურები 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერმოსომ თქვა, რომ ის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლებს და მსგავსი ქმედებები "დაუსჯელი არასდროს უნდა დარჩეს".

25 აგვისტოს საგანგებო შეხვედრაზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა და ფეხბურთელი ტყუილში დაადანაშაულა.

FIFA-ს გადაწყვეტილებამდე ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) რუბიალესის მხარდამჭერი ტექსტი გაავრცელა, სადაც ერმოსო და მისი სახელით მოლაპარაკე ხალხი ტყუილების თქმაში დაადანაშაულეს.

ერმოსოსთან ერთად რუბიალესის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მსოფლიო ჩემპიონი გუნდის 22-მა წევრმა თქვა უარი.

ესპანეთის მთავრობა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ აქვს, სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე რუბიალესისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სამართლებრივი გზით შეეცდება.

FIFA-მ რუბიალესი თანამდებობიდან 26 აგვისტოს გადააყენა.

20 აგვისტოს სიდნეიში გამართულ მატჩში ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები