ესპანეთი

FIFA-მ ლუის რუბიალესი 3 თვით ყველა საფეხბურთო აქტივობას ჩამოაშორა

მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე ლუის რუბიალესი ჯენი ერმოსოს კოცნის, 2023 წლის 20 აგვისტო

FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი 3 თვით, გამოძიების დასრულებამდე ყველა საფეხბურთო აქტივობას ჩამოაშორა.

დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარის, ხორხე ივან პალასიოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული განცხადების თანახმად, ეროვნული და საერთაშორისო აქტივობებიდან რუბიალესის ჩამოშორების განკარგულება დაუყოვნებლივ, 26 აგვისტოდან შედის ძალაში.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში აკოცა.

ლუის რუბიალესი ფეხბურთელისთვის ტუჩებში კოცნის გამო გადადგომაზე უარს ამბობს

FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურები 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერმოსომ თქვა, რომ ის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლებს და მსგავსი ქმედებები "დაუსჯელი არასდროს უნდა დარჩეს".

25 აგვისტოს საგანგებო შეხვედრაზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა და ფეხბურთელი ტყუილში დაადანაშაულა.

FIFA-ს გადაწყვეტილებამდე ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) რუბიალესის მხარდამჭერი ტექსტი გაავრცელა, სადაც ერმოსო და მისი სახელით მოლაპარაკე ხალხი ტყუილების თქმაში დაადანაშაულეს.

ერმოსოსთან ერთად რუბიალესის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მსოფლიო ჩემპიონი გუნდის 22-მა წევრმა თქვა უარი.

ესპანეთის მთავრობა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ აქვს, სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე რუბიალესისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სამართლებრივი გზით შეეცდება.

20 აგვისტოს სიდნეიში გამართულ მატჩში ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები