ესპანეთი

ლუის რუბიალესი ფეხბურთელისთვის ტუჩებში კოცნის გამო გადადგომაზე უარს ამბობს

მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე ლუის რუბიალესი ჯენი ერმოსოს კოცნის, 2023 წლის 20 აგვისტო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოსთვის მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში კოცნის გამო გადადგომას არ აპირებს.

არსებობდა მოლოდინი, რომ ფედერაციის საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა, რუბიალესი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადებდა, თუმცა პირიქით, მან პოსტის დატოვებაზე უარი თქვა და "ცრუ ფემინისტები" მისი მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

ფედერაციის პრეზიდენტმა კოცნას "პატარა ამბორი" უწოდა. მისი სიტყვებით ეს "სპონტანური, ორმხრივი, ეიფორიული და შეთანხმებული" ქმედება იყო. მანვე დასძინა, რომ ერმოსოს კითხა, შეეძლო თუ არა მისთვის კოცნა, პასუხად კი მიიღო "კარგი".

"არ გადავდგები. ბოლომდე ვიბრძოლებ". - თქვა რუბიალესმა და აუდიტორიისგან მხურვალე ტაშიც დაიმსახურა.

ესპანური ფეხბურთის თავკაცის სიტყვას გამოეხმაურა ჯენი ერმოსო, რომლის თქმითაც, კოცნაზე თანხმობა არ განუცხადებია.

"არ მოვითმენ ჩემი სიტყვების ეჭვქვეშ დაყენებას და კიდევ უფრო ნაკლებად მოვითმენ იმ სიტყვების გამოგონებას, რომელიც არ მითქვამს". - დაწერა ფეხბურთელმა.

ერმოსოსთან ერთად რუბიალესის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მსოფლიო ჩემპიონი გუნდის 22-მა წევრმა თქვა უარი.

FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურები 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერმოსომ თქვა, რომ ის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლებს და მსგავსი ქმედებები "დაუსჯელი არასდროს უნდა დარჩეს".

ესპანეთის მთავრობა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ აქვს, სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე რუბიალესისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სამართლებრივი გზით შეეცდება.

20 აგვისტოს სიდნეიში გამართულ მატჩში ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები