დონალდ ტრამპი

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ციხის ფოტოს გავრცელების შემდეგ $7.1 მლნ დოლარი ააგროვა

26 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ Fox News-ს დაუდასტურა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში 20 მილიონი დოლარი შეაგროვეს

20 მილიონიდან 7.1 მილიონი დოლარი მას შემდეგ შეგროვდა, რაც 24 აგვისტოს ტრამპის ციხეში გადაღებული კადრი გავრცელდა. ტრამპის გუნდის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 4.18 მილიონი დოლარი შეგროვდა, რაც მთელი კამპანიის ყველაზე შემოსავლიანი დღე იყო.

"შეგროვებული თანხა ზედმეტად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სურათი გამოაქვეყნა ვებსაიტთან ერთად". - აღნიშნავს ტრამპის გუნდი. 

როგორც ჩანს, თანხის ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია იმ საქონლით, რომელსაც ისინი თავიანთი ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდდნენ. 

მას შემდეგ, რაც ტრამპი დააკავეს, კამპანიამ ტრამპის გამოსახულებიანი მაისურების, პლაკატებისა და სტიკერების გაყიდვა დაიწყო. ნივთები ასევე შეიცავს სლოგანს - "არასდროს დანებდე!"

24 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით წელს სამართალდამცველებს მეოთხეჯერ ჩაბარდა. ამჯერად მისი საქმე შტატ ჯორჯიაში იწარმოება და ეხება 2020 წლის არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობას.

თუმცა ამჯერად აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ატლანტის ციხეში, ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, პირველად მოსთხოვეს კამერის წინ დადგომა და პატიმრის ფოტოს გადაღება, პროცესი, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა ეჭვმიტანილი გადის. ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ფოტო ტრამპის მიერ ციხის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა.


CNN-ის ცნობით, ტრამპის საპატიმრო ნომერია P01135809.

ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30-ზე გამოცხადდა, მისი ნებაყოფლობით ჩაბარების ბოლო ვადიდან რამდენიმე საათით ადრე. მისი მხარდამჭერების ნაწილი შეკრებილი იყვნენ ციხის გარეთ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

მანამ, სანამ ტრამპის ციხის სისტემაში რეგისტრაცია, მისი ანაბეჭდების აღება და ფოტოს გადაღება მიმდინარეობდა, პენიტენციური დაწესებულების თავზე საჰაერო სივრცე დახურული იყო.

ციხის შენობაში ყოფნის დროს ტრამპმა გაიარა პროცესი, რომელსაც ჩაბარების დროს ნებისმიერი სხვა ადამიანი გაივლიდა: ჩააბარა თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.

ტრამპის წინა სამი პროცესის დროს ადგილობრივ ხელისუფლებებს ტრამპისთვის პატიმრის ფოტო არ გადაუღიათ ან არ გამოუქვეყნებიათ, რათა აერიდებინათ აჟიოტაჟი და ამას გარდა მიაჩნდათ, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ფორმალური, საიდენტიფიკაციო ფოტოს გადაღებას აზრი არ ჰქონდა.

აქამდე ტრამპს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში გამოცხადების დროს პირველად აუღეს თითის ანაბეჭდები. ვაშინგტონს ტრამპს ბრალად ასევე 2020 წლის არჩევნების შედეგების ცვლილების მცდელობა ედებოდა ბრალად.

ჯორჯიაში ტრამპის გირაოს თანხა 200 000 დოლარს უტოლდებოდა და მოიცავს მკაცრ პირობებს, რომ არ დააშინოს და არ ჰქონდეს კომუნიკაცია მოწმეებთან და შესაძლო თანამზრახველებთან, რომელთა წინააღმდეგ საქმე ასევე მიმდინარეობს. მათთან კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატის შუამავლობით შეუძლია.

მას ასევე ეკრძალება "ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მუქარა საზოგადოების, ან საზოგადოების რაიმე საკუთრების მიმართ", მათ შორის სხვა პირთა სოციალური ქსელებიდან პოსტების გადაზიარებით.

კომენტარები