ევროკავშირი

ათენში EU-ს გაფართოების თემაზე არაფორმალური შეხვედრა საქართველოს გარეშე გაიმართა

Kostas Tsironis / EPA

21 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ბლოკისა და ქვეყნების ლიდერებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების თემაზე არაფორმალური ვახშამი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დასავლეთ ბალკანეთიდან, ისე წევრობის კანდიდატები რეგიონიდან, მათ შორის, სერბეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, რუმინეთისა და ხორვატიის ლიდერები. შეხვედრას არ ესწრებოდა ალბანეთის პრემიერმინისტრი, რაც საბერძნეთთან დაძაბული ურთიერთობით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დაესწრნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ. შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ ვახშამზე მიწვეული იყო ასევე ევროპული პერსპექტივის მქონე კოსოვოს ლიდერი.

ტაბულამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, იყო თუ არა მიწვეული საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გაფართოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილის თქმით, შეხვედრა არა ევროკავშირის გაფართოეობას, არამედ უკრაინაში ომს ეძღვნებოდა და სწორედ ამიტომ იყვნენ მიწვეული უკრაინისა და მოლდოვის ლიდერები. ყარაულაშვილმა შეხვედრაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმეტესი ნაწილის მიწვევის გარემოებაზე კომენტარი არ გააკეთა.

"ეს ღონისძიება არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუმრები". – თქვა ყარაულაშვილმა.

2023 წლის ოქტომბერში ევროკომისია კვლავ წარადგენს მოხსენებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციურად კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შესახებ. ხოლო დეკემბერში ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანების პროცესში შემდეგი ნაბიჯების შესახებ.


2023 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება წარადგინა. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი – 7. შესაბამისად, მიუხედავად გარკევული პროგრესისა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

პირობები, რომლითაც ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები