საქართველო-ევროკავშირი

როსველი სტატუსზე: მიუხედავად გარკევული პროგრესისა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯესიკა როსველის თქმით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. როსველმა ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი არის, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მნიშვნელოვანია, რომ გავგზავნოთ ცხადი, ერთიანი გზავნილი – საჭიროა მეტი რეფორმები". – თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როსველმა უკრაინის პროგრესს "შთამბეჭდავი" და თქვა, რომ ბოლო წლის განმავლობაში, არაორდინალური სიტუაციის მიუხედავად, უკრაინამ წინ საფუძვლიანი ნაბიჯები გადადგა. მათ შორისაა მედიის შესახებ კანონი, ანტიკორუფციული სტრუქტურის ხელმძღვანელის დანიშვნა და სხვა.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები