ევროკავშირი

კოვიდთან დაკავშირებულ €600-მილიონიან თაღლითობის საქმეზე EU-ს პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა

Photo via iStock

იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში პოლიციამ 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავა. საქმე ეხება ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდთან დაკავშირებულ €600-მილიონიან თაღლითობას.

ოპერაცია ევროკავშირის პროკურორების მოთხოვნით თაღლითობისა და ფინანსური პოლიციის განყოფილების 150-მა ოფიცერმა ჩაატარა. დაკავებულებიდან 14 შინაპატიმრობაშია გადაყვანილი. მათ ევროკავშირის აღდგენისა და მედეგობის შეღავათების (RRF) იტალიისთვის განკუთვნილი თანხიდან 600 მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება ედებათ ბრალად.

პოლიციამ რეიდი მოაწყო დაკავებულთა სახლებშიც. ამოღებულია Rolex-ის საათები, ოქრო, სამკაულები, ლამბორგინის, პორშეს და აუდი Q8 მოდელის მანქანები. გაყინეს აქტივებიც - სახლები, ვილები და კრიპტოვალუტა.

იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადების მიხედვით, მათ აღადგინეს საეჭვო ტრანზაქციები და დაადგინეს "უზარმაზარი უკანონო მოგების გათეთრება, რომელიც განხორციელდა ფიქტიური კომპანიების რთული ქსელის მეშვეობით, რომელიც ჭკვიანურად შეიქმნა იტალიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და რუმინეთში".

პოლიციის ინფორმაციითვე, ჯგუფმა გამოიყენა "ფულის გათეთრების დახვეწილი აპარატი... მოწინავე ტექნოლოგიები, როგორიცაა ქლაუდ-სერვერები, რომლებიც განთავსებულია არაკოოპერატიულ ქვეყნებში, კრიპტოაქტივები და ხელოვნური ინტელექტი - ყალბი დოკუმენტების შესაქმნელად".

გასულ წელს ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდთან დაკავშირებულ თაღლითობებზე 200-ზე მეტი გამოძიება დაიწყო, მაშინ, როდესაც ამ ფონდიდან თანხების გაცემის დასაწყისში, 2022 წელს, მხოლოდ 15 მსგავსი საქმე აღიძრა.

ამ მხრივ ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია იტალია, სადაც ამჟამად 179 საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ქვეყანა ევროკავშირის კოვიდის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის ფონდის უმსხვილესი ბენეფიციარია. მას ევროკავშირისგან 191.5 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტები და სესხები აქვს გამოყოფილი.

კომენტარები