პოლონეთი

პოლონეთში "ვაგნერის" პროპაგანდის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

რუსი სამართალდამცავები სანქტ-პეტერბურგში "ვაგნერის" ოფისის წინ
ANTON VAGANOV/REUTERS  

პოლონეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის სახელით პროპაგანდის გავრცელებაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი ავრცელებს.

"შიდა უსაფრთხოების სააგენტომ პოლიციასთან თანამშრომლობით იპოვა და დააკავა ორი რუსი, რომლებიც "ვაგნერის" ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ​კრაკოვსა და ვარშავაში ავრცელებდნენ". - წერს კამინსკი.

ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთის ორივე მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით კი, დაკავებულმა რუსებმა კრაკოვსა და ვარშავაში 300-მდე ბროშურა გააკრეს. ამავე ინფორმაციით, დაკავებულ პირებს 3 000-მდე პროპაგანდისტულ ნივთი აღმოუჩინეს. 

როგორც სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, დაკავებულების საქმიანობისთვის ანაზღაურება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას უნდა გადაეხადა. 

"ჯამში დავალებული ამოცანისთვის მათ 500 000 რუბლამდე უნდა მიეღოთ". - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის დატოვებას 12 აგვისტოს აპირებდნენ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები