დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

POLITICO: გაერთიანებული სამეფო პოლონეთში ბელარუსის საზღვართან 140 სამხედროს გზავნის

ბრიტანელი სამხედრო ინჟინრები

POLITICO-ს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო პოლონეთში 140 სამხედრო ინჟინერს გაგზავნის, რათა ვარშავას ბელარუსიდან არალეგალურად შემოსული მიგრანტების ნაკადების გაკონტროლებაში დაეხმარონ. 

სავარაუდოდ, ბრიტანელი სამხედრო ინჟინრები პოლონეთში დეკემბრის ბოლოდან 2022 წლის აპრილამდე დარჩებიან. ისინი პოლონელ მესაზღვრეებს დაეხმარებიან სამშენებლო სამუშაოებში, როგორიცაა გზების შეკეთება და საზღვარზე კედლის შენება-გამაგრება, ამბობენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

ბრიტანეთი სამხედროებს, სავარაუდოდ, ლიტვაშიც გაგზავნის.

გასულ თვეებში დაძაბული ვითარება იყო პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, სადაც ახლოაღმოსავლელი მიგრანტები იყვნენ შეკრებილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. 

ევროკავშირში მიგრანტების კრიზისს ბელარუსის მიერ ხელოვნურად შექმნილს და მინსკისა და მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებნენ. რუსეთი უარყოფს ამ პროცესებში ჩართულობას. 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო წინა კვირებში ევროკავშირს დაემუქრა, რომ სანქციების შემთხვევაში რუსეთიდან მომავალ და საკუთარ ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენ მილს გადაკეტავდა. შემდეგში, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს, ის მზადაა ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩეროს.

რამდენიმე კვირის წინ, გერმანიის კანცლერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მინსკი მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გამართავდა. 

მიგრანტები ბელარუსმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთის საზღვრის მიმდებარე ზონიდან ოდნავ მოშორებით გაიყვანა, თუმცა შემდეგ, ვარშავამ მინსკს ბრალად დადო, რომ ლტოლვილებს კვლავ საზღვართან კრებდნენ.

კომენტარები