ეკვადორი

ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის საქმეზე 6 კოლუმბიელი დააკავეს

epa

ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატის, ფერნანდო ვილავიჩენციოს მკვლელობის საქმეზე 6 კოლუმბიელი დააკავეს. ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრის, ხუან ზაპატას ცნობით, დაკავებულები ორგანიზებულ კრიმინალურ ბანდებს მიეკუთვნებიან. მან ფერნანდო ვილავიჩენციოს მკვლელობა შეაფასა, როგორც "ტერორისტული ბუნების პოლიტიკური დანაშაული". 

პირი, რომელმაც ფერნანდო ვილავიჩენციოს ესროლა, შემთხვევის ადგილას პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. უშუალოდ თავდამსხმელი და დაკავებული 6 კოლუმბიელი ერთ კრიმინალურ ბანდას ეკუთვნოდნენ. 

ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრი, ფერნანდო ვილავიჩენციო კამპანიის დროს მოკლეს. მას 9 აგვისტოს, ქალაქ კიტოში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ დაესხნენ თავს.

როგორც მოწმეებმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, მანქანისაკენ მიმავალ პრეზიდენტობის კანდიდატს შეიარაღებულმა მამაკაცმა გზა დაუბლოკა და თავში სამჯერ ესროლა. შემთხვევის ადგილზე სულ ცხრა ადამიანი დაშავდა.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვილავიჩენციომ  ნაციონალურ ტელევიზიაში თქვა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური ბანდის დაპატიმრებული ლიდერისაგან რამდენიმე სიკვდილის მუქარა მიიღო. 

კომენტარები