სტიქია რაჭაში

ილია II პაპს: თქვენი მზრუნველობა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული ძმური ურთიერთობის მაგალითია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პაპ ფრანცისკეს წერილით მიმართავს. შოვის ტრაგედიაზე მისამძიმრების გამო, ილია II-მ პაპის მიმართ მადლიერება გამოხატა.

"თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. უფალს შევთხოვ, თვისი შემწეობა და მფარველობა არ მოგაკლოთ. დიდი პატივისცემით, ილია II". - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ლისაბონში გამართული "ახალგაზრდობის მსოფლიო დღის" დაწყებამდე, რომის პაპმა, ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიუსამძიმრა და საზოგადოებას სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ლოცვა სთხოვა


ამ დროისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, 12 ადამიანი კი სტიქიის ზონაში კვლავ იძებნება.

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები