სტიქია რაჭაში

"ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია" – შოვში სტიქიის ზონაში მოყოლილი

სანსეტ შოვი

რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში მოყოლილი ქალი ამბობს, რომ ისინი სამაშველო სამსახურს და ვერტმფრენებს ელოდებიან. 

როგორც ადგილობრივი მედიასთან  სატელეფონო საუბარში აცხადებს, ადგილზე უამრავი მოხუცი და ბავშვია და ირგვლივ ორმეტრიანი ტალახია, საიდანაც გასასვლელი არ არის. 

"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არა არის. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი".- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში. 

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ადგილზე მაშველებს ელოდებიან მოქალაქეები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში არიან ჩარჩენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ვერტფრენები და მაშველები მიემართებიან, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები