თბილისის საქალაქო სასამართლო

ცილისწამების საქმეზე სასამართლომ მოქალაქეს FACEBOOK-პოსტის ONLY ME-ზე გადაყვანა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეს დავის დასრულებამდე Facebook-პოსტის Only Me-ზე (ფუნქცია, როცა პოსტს მხოლოდ ავტორი ხედავს) გადაყვანა დაავალა. ინფორმაციას ტაბულას ადვოკატი სერგი ჯორბენაძე უდასტურებს. 

საქმე შესაძლო ცილისწამებაზე მიმდინარე დავას ეხება. სერგი ჯორბენაძის დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას ცილი დასწამეს - Facebook-ზე მის შესახებ ცილისმწამებლური პოსტი, Youtube-ზე კი მსგავსი სახის ვიდეო გაავრცელეს. ჯორბენაძე ასევე ამბობს, რომ მოსამართლემ მოპასუხეს Youtube-ს ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვაც დაავალა.  

"სარჩელი იყო შეტანილი უარყოფაზე ცილისმწამებლური Youtube-ვიდეოსა და Facebook-პოსტის. ორივე პოსტი Public არის, ანუ გასაჯაროვებულია. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სანამ სასამართლო დავა დასრულდება, იქამდე შეზღუდოს გასაჯაროვება. ეს ნიშნავს Facebook-პოსტი Public-იდან Only Me-ზე გადაიყვანოს, Youtube-ს კი რაც შეეხება, გადაიყვანოს ისე, რომ საჯარო არ იყოს. ასევე, ვითხოვდით, Facebook-პოსტი არ წაშალოს მანამ, სანამ დავა არ დასრულდება.

მოსამართლემ 100%-ით დააკმაყოფილა ეს უზრუნველყოფის ღონისძიება. ცოტათი უფრო უხეშად რომ ვთქვა, უძრავ ქონებაზე რომ შედის სარჩელი, ითხოვენ ხოლმე ყადაღას. უზრუნველყოფის ღონისძიებაზე რახან შეზღუდული არ არის, პროცესი კი ხანდახან დიდხანს გრძელდება, სანამ დასრულდება, ეს Facebook-ზე იქნებოდა განთავსებული და ამიტომ მოვითხოვეთ, რომ Only Me-ზე გადაიყვანოს და დროებით იყოს შეზღუდული, სანამ დავა არ დასრულდება". - ამბობს ჯორბენაძე ტაბულასთან.  

ჯორბენაძე ასევე ამბობს, რომ მოქალაქეს დაევალა, მანამ, სანამ დავა არ დასრულდება, საკუთარი ანგარიში არ გააუქმოს. ადვოკატის თქმით, სასამართლოში ასევე ითხოვენ, იმ შემთხვევაში, თუ ცილისწამება დადასტურდება, პოსტი წაიშალოს. 

"ამგვარი პრეცენდენტი საქართველოში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით ვერ ვნახე, თუმცა ბევრი ვეძებე. ბევრსაც ვთხოვე, თუ ექნებათ ასეთი ინფორმაცია, რომ რომელიმე ქვეყანაში [იყო] ასეთი უზრუნველყოფილი ღონისძიება, სიამოვნებით გავეცნობოდი". - ამბობს ის. 

კომენტარები