პოლონეთი-უკრაინა

მრჩევლის განცხადების გამო პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

Reuters

საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩევლის, მარჩინ ფშიდაჩის განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი, ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

ნიკოლენკოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელჩს უთხრეს, რომ განცხადება "უკრაინელების უმადურობის შესახებ" არ შეესაბამება რეალობას და მიუღებელია.

"დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მეტია. პოლიტიკამ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგება და სიმტკიცე. ვერანაირი განცხადება ვერ შეგვიშლის ხელს, ერთობლივად მოვიპოვოთ მშვიდობა და ავაშენოთ საერთო ევროპული მომავალი.” - თქვა ნიკოლენკომ.

მანამდე, საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩევლმა, მარჩინ ფშიდაჩმა თქვა, რომ უკრაინისთვის კარგი იქნებოდა, თუ პოლონეთის დახმარების როლს დააფასებდა. ამის შესახებ მან პოლონურ მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, დალაგდა თუ არა უკრაინას და პოლონეთს შორის ურთიერთობა, ფშიდაჩმა უპასუხა:

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა მოიკრიფოს, შეინახოს და [ბაზარზე] შესაბამის, ღირსეულ ფასად გავიდეს.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას მართლაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პოლონეთისგან. ვფიქრობ, მისთვის ღირებული იქნებოდა, დაეწყო იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა". 

კომენტარები