საქართველო-რუსეთი

ბოკერია: კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა

"ნებისმიერი პარალელი კოსოვოსა და აფხაზეთს შორის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

"ამას აკეთებდა რუსეთი წლების განმავლობაში, ამას აკეთებენ ივანიშვილის რეჟიმი და კობახიძე დღეს, მაშინ, როცა ამ ორ მაგალითს შორის ბევრად მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება - რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო და ოკუპირებული აქვს, ხოლო კოსოვო არ ჰყავთ ოკუპირებული გერმანიასა და საფრანგეთს". - ამბობს ბოკერია.  

დღეს, 1-ელ აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბათუმში რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთზე კითხვების დასმა სერბეთში გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტებისთვის კოსოვოზე კითხვის დასმას შეადარა. 

"სერბეთში რომ ჩავიდნენ ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან - რაც უთხრეს, იმას იმეორებენ". - თქვა კობახიძემ. 


31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები