მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ჭიაბერაშვილი: EU-ს კანდიდატობის გზაზე სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა მთავარი წინაღობაა

ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. 

ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ენმ-ს პოლიტიკური დევნილი ჰყავს, საგარეო მიმართულებით გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 

"ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ამ პირობებში, როცა ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ".- აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ენმ სამ მნიშნელოვან საკითხზეა ფოკუსირებული. მისი თქმით, ერთ-ერთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია და ამ გზაზე მთავარი წინაღობა პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობაა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატობა. "ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და ამ პარტიისათვის".- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

"მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც წინ ეღობება ქართული ოცნება, ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით ამ რეჟიმის მიერ წარმოებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა 11 წლის განმავლობაში.  პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და ამ პარტიისათვის. 

მესამე მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ლიდერი და გამწევი ძალა, რათა მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ამიტომ ამ მიმართულებითაც იქნება ჩვენი ძალისხმევა და პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი ამ თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანი".- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.  

2022 წლის ნოემბერში, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობდა. კანდიდატები იმ დროისთის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იყვნენ - ჭიაბერაშვილი ამბობდა, რომ  მათში "მაკონსოლიდირებელ ეფექტს" ვერ ხედავდა.   

"შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება". - თქვა 2 დღეში ჭიაბერაშვილმა.  

2017-2022 წლებში ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტიის დატოვება მან "გვერდზე გაწევით ახალგაზრდებისთვის გზის დათმობის" აუცილებლობით ახსნა. 

ჭიაბერაშვილი: აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას

კომენტარები