რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ დაუშვა მონაწილეობა შეჯიბრებში, რომლებზეც რუსები ნეიტრალური სტატუსით არიან

ვადიმ გუტცაიტი

უკრაინის ხელისუფლებამ სპორტსმენებს ნება დართო, რუს და ბელარუს სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო ტურნირებში, რომლებშიც ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ. შესაბამისი ბრძანება უკრაინის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვადიმ გუტცაიტმა გამოსცა.

ამავდროულად, უკრაინელ სპორტსმენებს კვლავ ეკრძალებათ მონაწილეობა იმ შეჯიბრებებში, რომლებშიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ეროვნული დროშით გამოვლენ.

გადაწყვეტილების მიღებამდე, ვადიმ გუტცაიტი აცხადებდა, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციიდან უკრაინელი გროსმაისტერის, ვასილი ივანჩუკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიწვევის შესახებ წერილი არ მიუღია. თუმცა, ასეთი წერილის მიღების შემთხვევაში, ივანჩუკს რუს და ბელარუს სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობის უფლებას არ მისცემდნენ.

რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშით მონაწილეობას. პარალელურად, უკრაინამ თავის სპორტსმენებს, რუს და ბელარუს სპორტსმენებთან ერთად ნებისმიერ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა.

კომენტარები