კევინ სპეისი

კევინ სპეისი სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ცხრავე საქმეში გაამართლეს

ამერიკელი მსახიობი, კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ ოთხი კაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ საქმეზე გაამართლა. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.

"განსჯა ნაჩქარევი იყო და მანამ, სანამ პირველი შეკითხვა დაისვა ან პასუხი გაეცა, მე სამსახური დავკარგე, რეპუტაცია დავკარგე, ყველაფერი დავკარგე რამდენიმე დღეში". - მიმართა მან ნაფიცი მსაჯულებს.

ამასთან ერთად, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ნაფიცი მსაჯულებს.

"მინდა ვთქვა, რომ უზომოდ მადლიერი ვარ ნაფიცი მსაჯულების, რადგან დაუთმეს დრო ყველა მტკიცებულებისა და ფაქტის შესწავლას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ". - თქვა მსახიობმა.

კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები 2004-2013 წლების პერიოდს მოიცავდა, როდესაც მსახიობი ლონდონის თეატრის Old Vic-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. სპეისი ლონდონის სასამართლომ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

თავდაპირველად, კევინ სპეისი 2017 წელს სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ამ პერიოდის განმავლობაში კევინ სპეისი ყველა ბრალდებას უარყოფდა.

კომენტარები