საქართველო-რუსეთი

სოჭიდან გამოსული ხომალდი Astoria Grande 27 ივლისს რუს ტურისტებს ბათუმში ჩაიყვანს

ხომალდის დაგეგმილი მარშრუტი
astoriagrande.com

22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ დატოვა სოჭის პორტი და გაემგზავრა ახალი მარშრუტით, რომლის ფარგლებშიც ბათუმის პორტში გაჩერებაც იგეგმება. ამის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა ტელეარხმა Россия 1-მა.

ინფორმაცია, არსებული მარშრუტის შესახებ, განთავსებულია ლაინერის ტელეგრამ გვერდზეც. რეისის მარშრუტია: სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

27 ივლისს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი Astoria Grande ბათუმის პორტში შემოვა. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს. თუმცა, განცხადებაში არ არის ნახსენები, რომ ხომალდი რეისს სოჭის პორტიდან იწყებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ისინი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციის ფარგლებში ამოწმებენ არიან თუ არა გემები და მათი მფლობელები სანქცირებული.

"გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება". – წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. 

Astoria Grande-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობიდან ირკვევა, რომ კიდევ ერთი რეისის დაწყება 29 ივლისს იგეგმება. ამ რეისის ფარგლებში ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ შესვლას უკვე 31 ივლისს გეგმავს.

რუსული პროპაგანდისტული არხის სიუჟეტში ირწმუნებოდნენ, რომ დამატებითი გაჩერება ბათუმის სანაპიროზე რუსი და თურქი ტურისტების მოთხოვნის გამო დაემატა. მათივე თქმით, "მგზავრებს არ მოუწევთ არანაირი დამატებითი დოკუმენტების გაფორმება". მომზადებული იქნება სპეციალური საექსკურსიო ტურიც.

სოჭის პორტის ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარში ამბობდა, რომ რომ საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაწყებულიყო. სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ მგზავრობების დაწყებას 2023 წლის ზაფხულისთვის აპირებდნენ. ამ სიტყვებს შემდეგში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია".

ამას გარდა, 22 ივლისს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. რუსული მედია вестник кавказа წერდა, რომ გემი მგზავრობას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებდა.

კომენტარები