რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმზე იერიში 17 დრონით მიიტანა, დაზიანდა სამხედრო საცავი

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმზე 17 უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის მიტანა სცადეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ყველა დრონი ჩამოაგდეს.

"14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან გამოყვანილ იქნა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, მათგან 11 შავი ზღვის აკვატორიაში ჩამოვარდა, სამი კი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კიდევ 3 დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით ჩამოაგდეს. მათივე მტკიცებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დროებით გადაიკეტა, შემდეგ კი გაიხსნა ჯანკოი-სიმფეროპოლის გზა.

18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მსგავსი ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნახევარკუნძულზე იერიში 28 დრონით სცადეს. 19 ივლისს ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო პოლიგონი იწვოდა. 19 ივლისს გავრცელდა დრონით თავდასხმის მცდელობის კიდევ ერთი ცნობა.

კომენტარები