რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმზე 28 დრონით თავდასხმა სცადა

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმა 28 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათ ყველა დრონი ჩამოაგდეს, აქედან 17 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით, 11 კი რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმის შედეგად არაფერი დაზიანებულა.

გასულ დღეს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

რუსეთმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ კიევს პასუხს გასცემენ.

კომენტარები