ელ სალვადორი

იქიდან ელ ჩაპოც ვერ გაიქცეოდა – რა ხდება ელ სალვადორის მეგა-ციხეში

ელ სალვადორი

იქიდან ელ ჩაპოც ვერ გაიქცეოდა – რა ხდება ელ სალვადორის მეგა-ციხეში

ელ სალვადორის რესპუბლიკის შესახებ შეიძლება ბევრი არაფერი გსმენიათ. ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფო ჩვენს ყურადღებას ძირითადად ტრაგიკომიკური ამბებით იქცევს ხოლმე. მაგალითად, გასული წლის ივნისში დედაქალაქ სან სალვადორში სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული მატჩის დროს თამაშის 63 წლის მსაჯი ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ცემით მოკლეს. უფრო ადრე, 2021 წლის 7 სექტემბერს ელ სალვადორი, რომლის მოქალაქეების 70%-ს იმ დროისთვის საბანკო ანგარიშიც კი არ ჰქონდა გახსნილი, გახდა პირველი ქვეყანა სადაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად მიიღეს და კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების, საგადასახადო და სარეზერვო საშუალებად დაამტკიცეს. ცვლილების შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 60%-ით შემცირდა, შედეგად ათობით მილიონი დოლარის დაკარგვის შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკა ისევ დეფიციტშია.

გაგიკვირდებათ და ცენტრალური ამერიკის ამ სახელმწიფოსთან საქართველოსაც აქვს საერთო. ელ სალვადორის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლის ვადით დარჩენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო და ელ სალვადორი 2021 წელს ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების პირველ 25-ეულში მოხვდნენ. 2022 წელს კი სალვადორთან ერთად ამ სიის პირველ ოცეულში მოხვედრის პატივიც გვერგო. 2019 წლის დასაწყისში სალვადორის იმჟამინდელ პრეზიდენტს, სალვადორ სანჩეს სერენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ელ სალვადორი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობებს განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყო მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა, რომელიც საკითხის განსახილველად სალვადორის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

თუმცა, ახლა სალვადორი ჩვენი და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოექცა: 2023 წლის იანვარში სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მიერ ქვეყანაში გაბატონებული განგსტერული ბანდების წინააღმდეგ გამოცხადებული "ომის" ფარგლებში აშენდა 40 000 ადამიანზე გათვლილი ციხე, რომელიც უდიდესია ამერიკის კონტინენტზე და ზუსტად არავინ იცის, რა ხდება შიგნით და როგორ ეპყრობიან იქ პატიმრებს.

Mara Salvatrucha vs. Mara 18

ელ სალვადორი უკონტროლო კრიმინალური გარემოსა და განგსტერული ბანდების მზარდი ძალაუფლების გამო, ოდესღაც ცნობილი იყო როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს მკვლელობის დედაქალაქი. მსოფლიოში ომის ზონის მიღმა მყოფ სახელმწიფოთა შორის მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში ფიქსირდებოდა.

ელ სალვადორში ძირითადად ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფება ოპერირებდა: Mara Salvatrucha, იგივე MS-13 და Barrio 18, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Cello 18, Mara 18, ან უბრალოდ 18. ორივე მათგანი აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში, იმ სალვადორელი მიგრანტების მიერაა დაარსებული, რომლებიც 1980-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს გაექცნენ და თავშესაფარი შეერთებულ შტატებში იპოვეს. წლების განმავლობაში ეს ბანდები, რომლებიც მალე გაიზარდნენ და რომლებმაც სხვა ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებიც მიიღეს თავიანთ რიგებში, ძალას იკრებდნენ და ლოს-ანჯელესის უბნების კონტროლით შემოფარგლული ძალაუფლება სულ მალე აშშ-სა და ცენტრალური ამერიკის ბევრი ქვეყნის მასშტაბებამდე გაზარდეს. MS-13 ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ბანდად, რომლის წევრებიც ქვეყნის თითქმის ყველა შტატში სხვადასხვა სახის დანაშაულს სჩადიან.

Mara 18-ის ბანდის წევრი. ხშირად განგსტერებს მთელი სხეული და სახე ტატუებით აქვთ მოხატული
Juan Carlos Ulate/Reuters

1990-იან წლებში, მაშინ როდესაც აშშ-ს მთავრობამ სალვადორელი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო, MS-13 და Barrio 18 ბანდების წევრები ელ სალვადორში აღმოჩნდნენ, სადაც აქამდეც არაერთი დანაშაულებრივი ჯგუფი ოპერირებდა. ბანდებმა ქვეყანაში ღრმად გაიდგეს ფესვები და სულ მალე სალვადორში 10 000-ობით ადამიანის დამსაქმებლად იქცნენ.

მსგავსი დაჯგუფებების გაძლიერებასთან და მათი დაპირისპირების გამწვავებასთან ერთად ქვეყანაში კატასტროფულად იმატა ჰომიციდის შემთხვევებმა. ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო 2015 წელს, როდესაც მოკლულთა რიცხვმა ყოველ 100 000 მოსახლეზე 107 ადამიანი შეადგინა.

2022 წლის მარტში, ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიიბ ბუკელეს მიერ ბანდების წინააღმდეგ გამოცხადებული ომისა და უმკაცრესი პოლიტიკის საშუალებით ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ბუკელეს ულმობელ პოლიტიკას ბევრი უდანაშაულო მსხვერპლიც ჰყავს.

საგანგებო მდგომარეობა

2022 წლის მარტში განვითარებულმა მოვლენებმა ელ სალვადორში მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. განგსტერული ბანდების მიერ მოწყობილი სამდღიანი რეიდების შედეგად 87 ადამიანი გარდაიცვალა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტისგან გადამწყვეტი ზომების მიღება მოჰყვა.

ელ სალვადორის პრეზიდენტი, ნაიიბ ბუკელე მეუღლესთან, გაბრიელა როდრიგესთან ერთად
Reuters

41 წლის ნაიიბ ბუკელე ელ სალვადორის პრეზიდენტი 2019 წლის 1 ივნისს გახდა. მანამდე ის დედაქალაქის, სან სალვადორის მერი იყო. როგორც წესი, 1992 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დამყარებულ პოლიტიკურ სისტემაში სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი დაპირისპირებული პარტიის, მემარცხენე ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტისა (FMLN) და მემარჯვენე ნაციონალისტური რესპუბლიკური ალიანსის (ARENA) კანდიდატებიდან ერთ-ერთი იმარჯვებს. ბუკელე FMLN-ის წევრი იყო, თუმცა 2017 წელს ის პარტიიდან გარიცხეს, რის გამოც არჩევნებში მცირე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, დიდი გაერთიანება ეროვნული ცვლილებებისთვის (GANA) კანდიდატად მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და ხელისუფლების ხელში აღებასთან ერთად ავტორიტარ ლიდერად იქცა.

მარტის მოვლენებამდე დადიოდა ხმები, რომ ბუკელემ ბანდებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით ეს შეთანხმება დაირღვა, რასაც მოჰყვა კიდევაც სამდღიანი რეიდები. ამ ცნობებს თავად პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

განგსტერების მიერ მოწყობილი არეულობის პასუხად ბუკელემ საგანგებო მდგომარეობის შემოღება გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შეეზღუდათ ისეთი უფლებები, როგორიცაა დაკავების მიზეზის განმარტება, 72 საათის განმავლობაში მოსამართლესთან წარდგენა და სხვ. ამას გარდა, სალვადორის კონგრესმა გაახანგრძლივა წინასწარი პატიმრობის პერიოდი და ბანდის წევრებისთვისა და მხარდამჭერებისთვის 30-წლიანი სასჯელი შემოიღო.

დაკავების ოპერაციებში ჩაერთნენ სამხედროებიც, რომლებიც უბან-უბან დადიოდნენ და განგსტერული ბანდების ტატუების მქონე, წარსულში ნასამართლევ, ან უბრალოდ საეჭვო ადამიანებს აკავებდნენ.

სამხედროები ბანდის წევრების დაკავების ოპერაციისას
PRESIDENT NAYIB BUKELE

მსგავსი მეთოდით გასულ წელს სალვადორის მთავრობამ 65 000 ადამიანზე მეტი დააპატიმრა. დაკავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვნებიც, მათ შორის 12 წლის ბავშვებიც. პატიმართა რიცხვი, რომელიც ელ სალვადორში ყოველ 100 000 მოსახლეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 1 086 კაცს შეადგენდა და ამით მსოფლიოში ისედაც პირველ ადგილს იკავებდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კიდევ გაიზარდა და მალე გაორმაგებული რაოდენობა შეადგინა.

BBC/The Prison Brief

ძველი ციხეები ამდენ ადამიანს ვერ დაიტევდა, ამიტომ საჭირო გახდა ახალი დაწესებულების აშენება, რომელიც იანვარში გაიხსნა და პატიმრების სულ მცირე ორი 2 000-კაციანი ნაკადი უკვე მიიღო.

Cecot

ტეკოლუკაში, ლას ჩიჩენის ვულკანის შორეულ დაბლობზე, ელ სალვადორის დედაქალაქის, სან სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთით 74 კილომეტრში, 2023 წლის იანვარში ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ უკვე სახელგანთქმული მეგა-ციხე, ტერორიზმის შეზღუდვის ცენტრი, იგივე Cecot გახსნა.

ციხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია. იქ არსებული მდგომარეობის შემოწმების უფლებას არ აძლევენ არც ადვოკატებს, არც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ომბუდსმენს და არც ჟურნალისტებს. თუმცა, BBC-იმ და Financial Times-მა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის სალვადორის ახალ ციხეში არსებული სიტუაციის შესახებ.

Cecot-ის კომპლექსი

ციხის კომპლექსი 23 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა ტერიტორიის ფართობის სიმცირის მიუხედავად დაწესებულება 40 000 პატიმარზეა გათვლილი. შედარებისთვის, თურქეთში მდებარე მეგა-ციხე მარმარა 102 ჰექტარზე, აშშ-ს რაიკერსის კუნძულზე მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხე კი 165 ჰექტარზეა გაშლილი, თუმცა ორივე მათგანი მხოლოდ 11 000 პატიმარზეა გათვლილი.

Financial Times

სალვადორის მეგა-ციხის კომპლექსში რვა ბლოკი შედის. თითოეულში 32 საკანია, თითოეულ საკანში კი 156 პატიმრის მოთავსებაა შესაძლებელი. საკანში განთავსებული საწოლები უბრალო მეტალისგანაა აწყობილი და მათზე მატრასებიც არ არის დაგებული. საკნების გისოსები, პატიმრების მათზე ჩამოკიდების თავიდან ასაცილებლად, ბასრი ლითონისგანაა დამზადებული, ხოლო ჭერი მეტალის ბადეებისაა, რის გამოც მის თავზე მდგომ ბადრაგებს პატიმრებისთვის თვალყურის დევნება უწყვეტად შეუძლიათ. თითოეულ საკანში არის წყლის ორი ავზი საბანაოდ და ტანსაცმლის გასარეცხად და ასევე ორი უნიტაზი. საკნებში არ არის პირადი სივრცის შენარჩუნების არანაირი საშუალება. მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტენიანობისა და სიცხის მიუხედავად, საკნებს არ აქვთ არც ფანჯრები და არც შესაბამისი ვენტილაცია ან კონდიცირება.

უცნობია ზუსტად რა ფართობის სივრცეა გათვალისწინებული თითოეული პატიმრისთვის საერთო საკანში, თუმცა BBC-ის გამოთვლებით, თითოეულ ადამიანს მხოლოდ 0.58 კვადრატული მეტრის ფართი ექნება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ 3.4 კვადრატულ მეტრზე თითქმის 6-ჯერ მცირეა.

პატიმრები Cecot-ის საკანში

სალვადორის ხელისუფლების თქმით, პატიმრები საკნებს მხოლოდ სასამართლოს ონლაინ მოსმენებისთვისა და სამარტოო საკანში გადაყვანის შემთხვევაში დატოვებენ. ციხეში არ არის გარე სარეკრეაციო სივრცეები და საერთაშორისო რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, პატიმრების მონახულება ოჯახის წევრებსაც არ შეეძლებათ. ასევე უცნობია, თუ რით იკვებებიან პატიმრები და არის თუ არა დაწესებულებაში შესაბამისი სამზარეულო, სასადილო ან ლაზარეთი.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ციხე უსაფრთხოების უახლესი სისტემებით, სკანერებითა და სათვალთვალო ქსელით არის აღჭურვილი. 2.1 კილომეტრიანი პერიმეტრის მქონე ტერიტორია ორი წყება მეტალის ელექტრიფიცირებული ბადით და რკინაბეტონის ორი კედლითაა შემოსაზღვრული. კედლებზე 19 საგუშაგო კოშკია განთავსებული.

"იქიდან ელ ჩაპოც ვერ გაიქცეოდა". - უთხრა BBC-ის ციხეში მომუშავე პოლიციის ოფიცერმა ანონიმურობის დაცვით. ელ ჩაპო ცნობილი მექსიკელი ნარკო ბარონია, რომელმაც წარსულში არაერთი კარგად დაცული ციხიდან შეძლო გაქცევა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პატიმრების რაოდენობასთან შედარებით, ბუკელეს ადმინისტრაცია ციხეში ზედამხედველების შედარებით მცირე რაოდენობის განლაგებას აპირებს. სალვადორის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უშიშროების მინისტრის, გუსტავო ვილატოროს თქმით, ციხეს 1000 ზედამხედველი, 600 სამხედრო და 250 პოლიციელი დაიცავს, რაც ბუნტის შემთხვევაში პატიმრებსა და ოფიცრებს შორის თანაფარდობას 40:1-მდე შეამცირებს. შედარებისთვის იგივე თანაფარდობა აშშ-ს ციხეებში 8:1-ა ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 4:1.

ციხეში ამ დროისთვის მოთავსებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ვიცით, რომ Cecot-ში სულ მცირე ორი 2 000-კაციანი ნაკადი უკვე შეიყვანეს, მათ შორის პირველი 2023 წლის თებერვლის ბოლოს. უცნობია ეს პატიმრები სხვა ციხეებიდან გადმოიყვანეს, თუ ახალი დაკავებულები არიან. ამას გარდა, უცნობია ციხეში მოხვედრილები უკვე მსჯავრდადებულები არიან თუ არა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ის კრიტერიუმებიც, რითაც პატიმრები Cecot-ში გადაჰყავთ.

პატიმრების პირველი ნაკადის შეყვანა Cecot-ში

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, არ ელოდებიან, რომ ახალ მეგა-ციხეს რომელიმე პატიმარი ოდესმე დატოვებს.

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება სალვადორელებთან, რომ (Cecot-ის პატიმრები) საზოგადოებაში არასდროს დაბრუნდებიან და ჩვენ ვაპირებთ უზრუნველვყოთ, რომ (მათ წინააღმდეგ) შევქმნათ საჭირო საქმეები ამაში დასარწმუნებლად". - უთხრა BBC-ის გუსტავო ვილიატორომ.

ბუკელეს პოლიტიკამ შედეგი გამოიღო – რის ფასად?

ელ სალვადორის პრეზიდენტის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მკვლელობათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო და 2022 წლის ბოლოსთვის ყოველ 100 000 კაცზე ჰომიციდის რიცხვმა 7.8-მდე დაიწია. თუმცა, მკაცრ ზომებს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის მძიმედ გაუარესება და უდანაშაულო მსხვერპლიც მოჰყვა.

The New York Times-ის მიერ ჯერ კიდევ აპრილში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დაკავებული 65 000 ადამიანიდან, თავად ელ სალვადორის მთავრობის თქმით, 5 000 უსაფუძვლოდ იყო დაპატიმრებული და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ხელისუფლების თქმითვე, პატიმრობაში სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ, რეალური რიცხვები უფრო საგანგაშოა. ათასობით ადამიანმა სახელმწიფოს მასშტაბით არ იცის საკუთარი ნათესავების ადგილსამყოფელი და არც რაიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ მათ მიაგნონ.

მკაცრი პოლიტიკის მსხვერპლებზე წერს BBC-იც. გამოცემის ცნობით, ელ სალვადორში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციის, Cristosal-ის მიერ მაისის თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების პირველ წელს წამებით, ცემით, ან ჯანდაცვაზე წვდომის უქონლობის გამო ათობით პატიმარი დაიღუპა.

ახალი ციხის გახსნასთან ერთად ადამიანის უფლებათა ჯგუფები პატიმრების მდგომარეობაზე უფრო მეტად ღელავენ, რადგან Cecot-ის მონიტორინგი ფაქტობრივად შეუძლებელია.

"Cecot-ში პირობები შესაძლოა არაადამიანური და დამამცირებელი გახდეს, რადგან ამ ციხეზე წვდომა არავის აქვს. არც ადვოკატებს, არც ომბუდსმენს, მედიასაც კი არ შეუძლია შესვლა და შიგნით არსებული პირობების შემოწმება". - თქვა ელ სალვადორის პოლიციის ყოფილმა ინსპექტორმა და ამჟამად Cristosal-ის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზაირა ნავასმა.

Cristosal-ის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ანდრეს გუზმან კაბალიერომ, რომელმაც ოფისი 24 მაისს დაიკავა. მან აღიარა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენება “შემაშფოთებელია”.

"როდესაც ციხეში ორი ან სამი ბანდა, ან ჯგუფია, რომლებიც აქამდეც მწვავედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ამას შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როგორიცაა სიკვდილიანობის გაზრდა - მიზეზები ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს". - თქვა მან.

თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკის შეცვლას ჯერ არ აპირებს.

"დაე "ადამიანის უფლებებზე" მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ სისხლიანი მკვლელების და მათი კოლაბორანტების მოსპობას, მათ ციხეში ჩავსვამთ და ისინი იქიდან ვერასდროს გამოვლენ". - დაწერა ბუკელემ მაისში Twitter-ზე.

საგულისხმოა, რომ სალვადორის ავტორიტარი პრეზიდენტის მკაცრ პოლიტიკას საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერა აქვს. 2022 წლის აპრილში Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მთავრობის პოლიტიკას მოქალაქეების 78% ძლიერად, 13% ნაწილობრივ, 5% კი მცირედით უჭერდა მხარს. იგივე კვლევა იანვარშიც ჩატარდა და მოსახლეობის 92% კვლავ ბუკელეს მიდგომის მხარდამჭერი აღმოჩნდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მკვლელობების რიცხვის მკვეთრმა ვარდნამ, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იმ უბნებშია, რომლებსაც ადრე ბანდები აკონტროლებდნენ, მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა შეუქმნა. წარსულში განგსტერების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების საზღვრების კვეთა ახლა ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობის შიშის გარეშე შეუძლიათ.

კომენტარები