რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსის წითელმა ჯვარმა უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანაში მონაწილეობა აღიარა

 Valentyn Ogirenko/Reuters

ბელარუსის წითელი ჯვრის უფროსმა, დმიტრი შაუცოუმ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ წითელი ჯვარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანაში არის ჩართული. სატელევიზიო ჩართვაში შაუცოუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ქალაქ ლისიჩანსკში იმყოფებოდა. მისი  მტკიცებით, უკრაინელი ბავშვების გადაყვანა ბელარუსის ტერიტორიაზე “ჯანმრთელობის გაუმჯობესების” მიზნით ხდება. 

უკრაინა ბავშვების გადაყვანის ოპერაციას უკანონო დეპორტაციად მოიხსენიებს. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების გადაყვანის საქმეზე კავშირების დადგენის შემთხვევაში შესაძლოა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საერთაშორისო ომის დანაშაულისთვის გაასამართლონ.

2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების მიმართულებით საპრეზიდენტო კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დმიტრი შაუცოუს გასამართლებისკენ მოუწოდებს, რადგან მან “პირდაპირ აღიარა საკუთარი დანაშაული ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში”.

ბელარუსის წითელი ჯვრის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. Კომიტეტის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ ბელარუსის წითელ ჯვარს და ურჩიეს შეეჩერებინათ მსგავსი აქტივობები. 

2023 წლის ივნისში ბელარუსმა ოპოზიციონერმა პაველ ლატუშკამ თქვა, რომ მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიაწოდა დეტალური მასალა ლუკაშენკოს ნებართვით 2100 უკრაინელი ბავშვის იძულებით გადაყვანის შესახებ 15 ოკუპირებული უკრაინული ქალაქიდან. ლატუშკას ინფორმაციით, იძულებით გადაყვანილ ბავშვებს შორის არიან უკრაინის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი ობლები, შშმ ბავშვები და ბავშვები, რომელთა მშობლებს მეურვეობის უფლება ჩამოერთვათ. 

AP-სთან ინტერვიუში პაველ ლატუშკამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით ბელარუსში გადაყვანილი ბავშვების ნაწილი რუსეთში გადაიყვანეს. 

ბელარუსის წარმომადგნლები 6-დან 15 წლამდე 1000 უკრაინელი ბავშვის ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფნას ადასტურებენ. Მათი თქმით, უკრაინელი ბავშვების პირველი ნაკადი ბელარუსში აპრილში ჩავიდა. 

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ბელარუსი რუსეთის მთავარ მოკავშირედ რჩება. ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა უკრაინაში ჯარებისა და იარაღის გადასატანად გამოიყენა. ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის განლაგებული. 

კომენტარები