რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა

დაზიანებული ყირიმის ხიდი

რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია ობიექტის ნაწილი და გადაადგილება დროებით შეჩერებულია.

როგორც უკრაინსკა პრავდას წყაროები ამბობენ, ხიდზე იერიში მიიტანეს და ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამავე ინფორმაციით, ხიდზე იერიში საზღვაო დრონებით განხორციელდა. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც დაზიანებული ხიდი ჩანს.

აქამდე СБУ-ს მეთაურმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინისთვის სავსებით კანონიერი სამიზნეა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემდეგ უნიკალური სპეცოპერაციების დეტალებს მოყვებოდა.

ორშაბათს, 17 ივლისის დილას ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აკსიონოვმა განაცხადა, რომ ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე "საგანგებო შემთხვევა" მოხდა. როგორც ის ამბობდა, ხიდზე გადაადგილება დროებით შეჩერდა. მისივე შეფასებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო – მან უკრაინის ხელისუფლებას "ტერორისტული რეჟიმი" უწოდა.

როგორც რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით წერენ, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი მტკიცებით, ისინი ბელგოროდის მაცხოვრებელი ცოლ-ქმარი იყვნენ. ამავე ცნობებით, დაშავდა მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი.

ყირიმის ხიდზე აფეთქება გასული წლის 8 ოქტომბერსაც მოხდა, რაშიც რუსეთი კიევს ადანაშაულებდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ფაქტობრივად აღიარა, რომ თავდასხმა მათი მხარის მოწყობილი იყო.

კომენტარები