დმიტრი პესკოვი

შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს – პესკოვი

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და ამიტომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. 

მისივე თქმით, შვედეთის NATO-ში შესვლას რუსეთისთვის ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება. 

გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხოდ მიიღებს "მსგავს ზომებს, რომლებიც ანალოგიურია იმ ნაბიჯებისა, რომლებიც ფინეთის ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში იგეგმება". 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებდა იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

თუმცა, 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის პრემიერმინისტრთან და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა.

კომენტარები