რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთმა 47 000 ჯარისკაცი დაკარგა – Mediazona-სა და Meduza-ს ჟურნალისტური გამოძიება

Эхо Кавказа

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 15 თვის განმავლობაში 47 000 რუსი მოკვდა – ამის შესახებ ორი დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, Mediazona-სა და Meduza-ს სტატისტიკურ ანალიზშია ნათქვამი

ამასთან, სტატისტიკა მოიცავს მიმდინარე წლის 27 მაისამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული სამხედრო დანაკარგები სტატისტიკაში ასახული არაა. 

იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მოკლული რუსების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, Meduza-სა და Mediazona-ს ჟურნალისტებმა რუსეთის სტატისტიკის ბიუროსა და ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეების რეესტრის მონაცემები შეისწავლეს. 

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო დანაკარგები 3-ჯერ აღემატება 10-წლიანი ომის დროს ავღანეთში საბჭოთა სამხედრო დანაკარგებს, ხოლო 9-ჯერ – 1994-1996 წლების პირველი ჩეჩნური კამპანიის დროს რუსული ჯარების დანაკარგებს. 

ამასთან, ჟურნალისტების ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვნილი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების გათვალისწინებით, რუსული სამხედრო დანაკარგების საერთო რაოდენობა შეიძლება, სულ მცირე, 125 ათას მოკლულს შეადგენდეს. ეს გაანგარიშება ნაწილობრივ მოიცავს დაკარგულებს, მაგრამ არ მოიცავს ტყვეობაში მყოფ რუსებს.

Mediazona და BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ომის პარალელურად ცდილობენ, დაადგინონ ომის მსხვერპლთა რაოდენობა. ამისთვის ისინი სოციალურ ქსელებში დაღუპულთა ახლობლების მიერ გავრცელებულ ცნობებს და სასაფლაოების მონაცემებს იყენებენ. მათი ინფორმაციით, გასული წლის მაისიდან 2023 წლის 7 ივლისამდე რუსეთმა მინიმუმ 27 423 ჯარისკაცი დაკარგა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 10 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ომში ზარალის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. ბოლოს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ დაღუპულთა საერთო რაოდენობა (5 937 სამხედრო) დაასახელა, იყო 2022 წლის სექტემბერი.

ასევე, 2023 წლის ივნისში თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის დროს რუსეთის ჯარების გაერთიანებულმა ჯგუფმა 71 სამხედრო დაკარგა, ხოლო 210 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ Meduza არის დამოუკიდებელი რუსული მედია საშუალება, რომელიც რვა წელია შტაბ-ბინა ლატვიაში აქვს. 2021 წლის აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ იგი "უცხოურ აგენტად" გამოაცხადა, რამაც მედიას შემოსავლის მიღება გაურთულა. 2023 წლის იანვარში კრემლმა Meduza, როგორც უკანონო "არასასურველი ორგანიზაცია", აკრძალა,

მოსკოვმა დამოუკიდებელი მედია საშუალება Mediazona-ს ასევე "უცხოურ აგენტად" გამოაცხადა და მისი ვებგვერდი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაბლოკა. 

კომენტარები