რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

უკრაინის გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სამსახური

ლვოვზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლოდროინდელი მონაცემებით 10-მდე გაიზარდა, 42 ადამიანი კი დაშავდა, რომელთა შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გასულ დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განმარტებით, ეს იყო "ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა" ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ განაცხადა, რომ 60-მდე სახლი სერიოზულადაა დაზიანებული, ხოლო რამდენიმე შენობის სახურავი ჩამოინგრა. მისივე თქმით, დაზიანებულია სკოლისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიტანა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლვოვი დასავლეთ უკრაინაშია – სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზებიდან შედარებით შორს – რუსეთს მასზე სარაკეტო იერიში აქამდეც მიუტანია. 

გასულ თვეში ლვოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 

კომენტარები