Threads

Meta-მ Twitter-ის ალტერნატივა – აპლიკაცია Threads შექმნა

Meta-მ Twitter-ის მთავარი კონკურენტი Threads-ი იმ მომხმარებლისთვის შექმნა, რომლებიც პლატფორმის ალტერნატივას ეძებენ. Twitter-ს ამჟამად ილონ მასკი ფლობს და ხშირად ცვლის მოხმარების წესებს. 

აპლიკაცია Threads ტექსტის გაზიარების საშუალებას მისცემს მომხმარებელს და, როგორც კომპანია წერს, შექმნის ახალ სივრცეს განახლებული ინფორმაციისა და საჯარო დისკუსიისთვის.

100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. პლატფორმაზე დადებული პოსტების გავრცელებული სქრინებით ირკვევა, რომ მომხმარებელს მცირე ზომის ბლოგების დაწერის საშუალება ეძლევა - ისე, როგორც ეს Twitter-ზეა. არსებობს დაპოსტვის, გაზიარების ღილაკები.

"ჩვენი ხედვაა, რომ Threads იქნება ახალი აპლიკაცია, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ტექსტებსა და დიალოგზე". - წერს კომპანია. 

პოსტების ლიმიტი 500 სიმბოლოა, რაც მეტია Twitter-ის 280-სიმბოლოიან შეზღუდვაზე. პოსტი, შესაძლოა, შეიცავდეს ბმულებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ხუთ წუთამდე ხანგრძლივობით.

Instagram-ის მომხმარებლებს შეეძლებათ შევიდნენ საკუთარი მომხმარებლის სახელებით და გამოიყენონ იგივე ანგარიშები ახალ აპლიკაციაში. ახალ მომხმარებლებს კი მოუწევთ Instagram-ის ანგარიშის შექმნა.

კომენტარები