ჩინეთი-ევროკავშირი

ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის მომავალ კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა

REUTERS

ჩინეთმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მომავალ კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა. ევროკავშირის სპიკერის ცნობით, ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია. 

"სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირას შეთანხმებულ თარიღებში ვიზიტი ვეღარ მოხერხდება და ახალი ალტერნატივები უნდა მოვძებნოთ". - თქვა Reuters-თან წერილობით ინტერვიუში ევროკავშირის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვიზიტის გაუქმების მიზეზებზე საუბარზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ იმედი აქვს ვიზიტი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. 

"ჩვენ სიხარულით მივიღებთ ჩინეთში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ბორელს ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. მზად ვართ ევროკავშირთან ვითანამშრომლოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით". - აღნიშნა სპიკერმა. 

ბორელის ჩინეთში ვიზიტი 10 ივლისს იყო დაგეგმილი. პეკინში ევროკავშირის ელჩის, ხორხე ტოლედოს ცნობით, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თავის ჩინელ კოლეგასთან შესახვედრად და "სტრატეგიული საკითხების" განსახილველად ჩადიოდა ჩინეთში. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ადამიანის უფლებების დარღვევა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომიც უნდა ყოფილიყო. 

ბორელის ჩინეთში ვიზიტი ამ წელს უკვე მეორედ გაუქმდა. აპრილში ვიზიტის გაუქმების მიზეზი ჯოზეფ ბორელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მას covid-19 დაუდასტურდა. 

კომენტარები