ჩინეთი-ევროკავშირი

მედია: ბორელი ჩინეთს 12-14 ოქტომბერს ეწვევა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

ჯოსეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, მომავალ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან შესახვედრად გაემგზავრება,- ამის შესახებ სააგენტო Europa Press-მა ევროპული წყაროებიდან შეიტყო, წერს Evropeyskaya Pravda.

12-14 ოქტომბერს ბორელი დაესწრება ევროკავშირი-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას, სადაც იგი თანათავმჯდომარის როლში ორმხრივი ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელებს. 

შეხვედრის მთავარი თემები ასევე იქნება ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დისბალანსი, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული თითქმის სამჯერ გაუარესდა და რომელსაც ბრიუსელი ორმხრივი ურთიერთობების მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი პოსტის დაკავების შემდეგ ეს ბორელისთვის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში, რაც ამ წლის ბოლომდე ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტს გაუხსნის გზას.

ბორელის ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის დასაწყისიდან ორჯერ გადაიდო: აპრილში - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის კორონავირუსით ინფიცირების, ხოლო ივლისში - მოულოდნელი, უცნობი მიზეზის გამო. 

კომენტარები