ისრაელი-პალესტინა

ოპერაციის დასრულების შემდეგ ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქი ჯენინი დატოვეს

ჯენინზე თავდასხმების პარალელურად ქუჩებში საბურავები დაწვეს
Raneen Sawafta/Reuters

ისრაელის ძალებმა ქალაქი ჯენინი დატოვეს მას შემდეგ, რაც ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ისრაელის სამხედრო ძალების პრესსპიკერის, დენიელ ჰაგარის ცნობით, ოპერაცია დასრულებულია და ყველა სამხედრომ უკვე დატოვა ჯენინი. 

სამხედროების უკანდახევის შემდეგ  პალესტინელი ბოევიკების დაჯგუფებამ გამთენიისას ისრაელის მიმართულებით იერიში მიიტანა და 5 რაკეტა გაისროლა. ყველა მათგანი გააუვნებელყვეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საპასუხოდ ისრაელის მხარემ ღაზაში იარაღის საწარმოო მიწისქვეშა ობიექტს დაარტყა. 

ოპერაციის შედეგად 12 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 5 მებრძოლი იყო. ისრაელის მხარე იუწყება, რომ ოპერაციას ისრაელის სამხედრო ძალებიდან ერთი პირი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა ისრაელი საავადმყოფოს ეზოში მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

"ისრაელის აგრესიამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც შუადღისას ჯენინის საავადმყოფოს ეზოში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 3 ადამიანი. მათგან 2 მძიმედ არის დაშავებული". - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ეს ჯენინის მოსახლეობის წინააღმდეგ წამოწყებული ომია. 


ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

3 ივლისის დილით ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ ჯენინში, პარალელურად კი "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" იერიში მიიტანეს. 

პალესტინის პრეზიდენტის სპიკერმა მაჰმუდ აბასმა ოპერაციას უწოდა "ახალი სამხედრო დანაშაული ჩვენი დაუცველი ხალხის წინააღმდეგ", ხოლო ღაზაში დაფუძნებული სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა ახალგაზრდებს "ყველა შესაძლო საშუალებით" იერუსალიმზე იერიშის მიტანისკენ მოუწოდა.

ამასთან, ისლამურმა ჯიჰადმა აღნიშნა, რომ ჯენინში "ხოცვა-ჟლეტის" შესაჩერებლად "თავის მოვალეობას შეასრულებს".

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში ჯენინის ბანაკის სამეთაურო-ოპერატიულ ცენტრსა და ისლამურ ჯიჰადთან დაკავშირებულ პალესტინელი ბოევიკების დაჯგუფებაზე მიიტანეს. 

"ოპერატიული სამეთაურო პუნქტი ასევე ემსახურებოდა დაზვერვის ცენტრს - ადგილს, სადაც შეიარაღებული ტერორისტები ტერორისტულ ქმედებებამდე და მის შემდეგ იკრიბებოდნენ". - განმარტავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. 

მათივე თქმით, ჯენინის ბანაკი "იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების ადგილი" და "ტერორისტებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის კერაა". 

ჯენინის ბანაკზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის ძალებმა მეჩეთის მახლობლად იერიში მიიტანეს. ისრაელის მხარეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ იერიშის მიზანი "საფრთხის არიდება" იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამი არაა, მოჰყვა თუ არა მეჩეთის მახლობლად თავდასხმას დამატებითი მსხვერპლი.

ოპერაციას ღამით საპროტესტო აქციები მოჰყვა დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ქალაქ რამალას მახლობლად საგუშაგოზე. პროტესტის დროს პალესტინის მოქალაქე არმიის მიერ თავში სროლის შედეგად დაიღუპა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ბლოკადირებული ღაზის სექტორიდან პოტენციური საპასუხო სარაკეტო იერიშის გამო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს აღნიშნული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიეწოდა, რის შემდეგაც მან "სამომავლო ოპერატიული გეგმები განიხილა".

ჯენინის ბანაკი ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქის გარეუბანში 1950-იან წლებში შეიქმნა. ბანაკში დაახლოებით 11 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის, ფატაჰის მებრძოლები.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისრაელმა ჯენინის ბანაკზე 2002 წელს იერიში მეორე ინტიფიდას (პალესტინასა და ისრაელს შორის 2000-2005 წლებში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები) დროს მიიტანეს. შეტაკებებმა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 50-ზე მეტი პალესტინელი და 23 ისრაელის სამხედრო იმსხვერპლა.

კომენტარები